მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » ამერიკა
2:18 PM
ამერიკა



ვინ აღმოაჩინა ამერიკა?

ამ კითხვაზე ყველა ერთხმად უპასუხებს: როგორ თუ ვინ? - რა თქმა უნდა, ქრისტეფორე კოლუმბმა. მართლაც, XV საუკუნის მიწურულს კოლუმბი მიადგა სამხრეთ ამერიკის სანაპიროს (თუმცა თავად სიცოცხლის ბოლომდე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ინდოეთში იმყოფებოდა). ამიტომ თვლიან მას ამერიკის პირველაღმომჩენად. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში სულაც არ აღიარებენ, რომ კოლუმბია ამ მატერიკის პირველაღმომჩენი. ამ პატივს მიაწერენ ნორმან ლეივ ერიქსონს, რომელმაც გაცილებით ადრე - X-XI საუკუნეში - დადგა ფეხი უცნობ მიწაზე. ეს დასტურდება ნორმანების ნამოსახლარების გათხრებით. სწორედ ამის გამო, აშშ ოფიციალურად ამერიკის პირველაღმომჩენად აღიარებს ლეივ ერიქსონს და ამერიკის აღმოჩენის დღედ - 9 ოქტომბერს. კოლუმბის ღვაწლის აღსანიშნავად კი კოლუმბის დღე - 12 ოქტომბერია დადგენილი, როგორც ამერიკის ხელახალი აღმოჩენის დღე.

და მაინც, ეს მიწა არც კოლუმბის და არც ერიქსონის სახელს არ ატარებს. მას სულ სხვა ზღვაოსნის სახელი ჰქვია - ამერიგო ვესპუჩისა. მაგრამ რატომ? მას ხომ არ აღმოუჩენია ამერიკა? ან იქნებ თვითონ უწოდა ამ მიწას თავისი სახელი, პატივმოყვარეობისა გამო? მსგავსი არაფერი ყოფილა. ვერსპუჩიმ სიცოცხლეში არც კი იცოდა, რომ ახალ მატერიკს მისი სახელი ეწოდა. ეს იდეა წამოაყენა ლოთარინგელმა კარტოგრაფმა მ. ვალდზემიტურელმა იმ განზრახვით, რომ მართალია, მატერიკი კოლუმბმა აღმოაჩინა, მაგრამ მან ეს არ იცოდა და ამტკიცებდა, ინდოეთს მივადექიო, ხოლო ვესპუჩიმ დაამტკიცა, რომ უცხო მიწა იყო არა ინდოეთი, არამედ სულ სხვა, დანარჩენი მსოფლიოსათვის იქამდე უცნობი მიწა. ამ აზრით, ამერიგო ვესპუჩი მართლაც ითვლება ამერიკის აღმომჩენად.

ვესპუჩი პორტუგალიის მეფის დავალებით 1501 წლის 14 მაისს გავიდა ოკეანეში და ორი თვე და ორი დღე იარა. იგი მიადგა ნაყოფიერ, მდიდარ, მცენარეებითა და ცხოველებით მრავალფეროვან მიწას, სადაც ველური მოსახლეობა ცხოვრობდა. ვესპუჩი ამ მიწას „მიწიერ სამოთხეს" უწოდებს, სადაც გაცილებით რბილი და სასიამოვნო ჰავაა, ვიდრე აქამდე ცნობილ მიწებზე. მის მიერ აღწერილი ეს „სამოთხე" წარმოადგენს დღევანდელ ბრაზილიას, სადაც არ იყვნენ მეფეები და თავადები, ადამიანი არ იბრძოდა ფულის, საკუთრებისა და ბატონობისათვის, ადამიანი არ იყო ადამიანის მტერი, ლუკმა პურის საშოვნელად კი უხვი ბუნება შეგეძლო გამოგეყენებინა, უმძიმესი და სატანჯველი შრომა სულაც არ იყო საჭირო. აი, ასეთად აღწერდა ამერიგო ვესპუჩი ამ უცხო ქვეყანას. ამდენად, სწორედ მას ერგო პატივი, გამხდარიყო ახალი სამყაროს - ამერიკის ნათლია.

.
















კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1243 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar