მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 4 » ინტერვიუ სოფო ხალვაშთან
4:25 PM
ინტერვიუ სოფო ხალვაშთან



მოგეხსენებათ, მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმელია, ძალიან უყვარს თავისი ქალაქი და ბედნიერია იმით, რომ წელს მიეცა საშუალება, ერთი თვე სწორედ ბათუმში გაეტარებინა ოჯახთან ერთად. კარგი დასვენების შემდეგ კი დედაქალაქში დაბრუნებულმა ისევ აქტიურად დაიწყო მუშაობა სიმღერებზე და ახალი კლიპის გადაღებასაც აპირებს. ამ ყველაფერთან ერთად სოფოს შიშსა და ფობიებზეც ვესაუბრეთ.


- არაჩვეულებრივად გავატარე ზაფხული, რადგან ვიყავი ბათუმში, რომელიც ძალიან მიყვარს. თვეზე მეტი გავატარე ჩემს პატარა ოჯახთან ერთად. ბათუმთან ერთად ძალიან მიყვარს ზღვა და ეს ჩემგან ჩემს პატარასაც გამოჰყვა. ქალაქში ყოფნისა თუ ცხოვრების განმავლობაში დღე არ ჩამიგდია, ზამთარშიც კი, რომ ზღვაზე თუნდაც უბრალოდ სანახავად არ გავსულიყავი. არადა, ყველა ბათუმელს ასეთი დამოკიდებულება არ აქვს ზღვისადმი, ბევრია ისეთი, რომელიც სეზონზე ერთხელაც არ გადის ზღვაზე. ამ დასვენების შემდეგ ჩამოვედი თბილისში და შევუდექი ისევ აქტიურ ცხოვრებას, ბათუმში წასვლამდე გავაკეთე საკუთარი სტუდია, სადაც ჩავწერე რამდენიმე სიმღერა, ერთ-ერთი უკვე მზად არის და მასზე კლიპის გადაღებასაც ვფიქრობ.

- ე.ი. შემოქმედებითად დატვირთული ხარ, რაც ძალიან კარგია. გადავინაცვლოთ ჩვენი რუბრიკის თემაზე და გვითხარი, საერთოდ, რამდენად მშიშარა ხარ?
- ბავშვობაში ვიყავი მშიშარა, მაგრამ ახლა აღარ ვარ, თუმცა ეს შიშიც რაღაცით იყო გამოწვეული და ამის მიზეზსაც გეტყვით. 10-11 წლის ვიქნებოდი, ბათუმიდან თბილისში მივდიოდით მანქანით ნათესავსა და დეიდასთან ერთად. უკვე ბნელოდა, როცა გურიაში შევედით... დაგვაყაჩაღეს, რამაც ჩემზე საშინლად იმოქმედა. გზად მანქანა გადაგვეღობა, საიდანაც შენიღბულმა პირებმა სროლა დაგვიწყეს, შემდეგ გადაწყვიტეს, ჩვენი მანქანა წაეყვანათ, ჩასხდნენ და არ იცოდნენ, რომ მე მანქანაში ვიჯექი, წასვლა ჩემიანად დააპირეს, მაგრამ მერე დამტოვეს, ისევ ტყვიები დაგვახალეს და წავიდნენ. ამ ფაქტმა ჩემზე საშინლად იმოქმედა და ამის შემდეგ დამეწყო შიში, სულ უკან ვიყურებოდი, მეგონა, ვიღაც მომყვებოდა.

ასეთი შიში მქონდა ცხოვრებაში, საბედნიეროდ გადავლახე, მაგრამ სხვა შიშებს არ შევუწუხებივარ. ბავშვობაში შეიძლება, სიბნელის მეც მეშინოდა, დედას ვთხოვდი ხოლმე გაყოლას, შედარებით ბნელ ადგილას თუ მიწევდა გავლა (იღიმება).

- სოფო, მართალია, უშიშარი ხარ, მაგრამ ვფიქრობ, მაინც გექნება რაღაც-რაღაც ფობიები, ამიტომ დაწვრილებით ჩაგეკითხები. დავიწყოთ სიმაღლიდან, ხომ არ გეშინია სიმაღლის?
- არა, პირიქით, ძალიან მიყვარს ექსტრემალური გასართობები, სპეციალურად ვჯდები მათზე, რომ სიამოვნება მივიღო (იცინის).

- აქედან გამომდინარე, ალბათ არც ფრენის გეშინია.
- არა, არანაირად. არის ხალხი, ვინც აბებს იღებს აფრენამდე, მე კი თვითმფრინავში მეძინება და მთელ გზას ძილში ვატარებ.

- მანქანას თუ მართავ, როგორი მძღოლი ხარ, სისწრაფე გიყვარს?
- კი, მანქანას ვმართავ და ვფიქრობ, კარგი მძღოლი ვარ, რადგან არასდროს ვარღვევ წესებს, არასდროს შემიქმნია სახიფათო სიტუაცია და არც არასდროს მქონია ცუდი შემთხვევა. რაც შეეხება სისწრაფეს, მიყვარს, მაგრამ ზომიერად.

- გადავინაცვლოთ მწერების, კალიების, ობობების თემაზე, მათ მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს? არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი მათგანის ხსენებაზეც კი ცუდად ხდებიან…
- იცი, რა?! არსებობს რაღაცები, რისიც ზიზღი უფრო მაქვს, ვიდრე შიში. ასეთია გველი და მორიელი, რომელთა დანახვაზეც ცუდად ვხდები, სამწუხაროდ, ბათუმში ძალიან ბევრი მორიელია და ბევრჯერაც მინახავს. მორიელის მეშინია, მაგრამ გველის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უფრო ზიზღია, რადგან ტელევიზორშიც რომ ვხედავ, მაშინაც კი ცუდად ვხდები.

- რაც შეეხება ცხოველებს: ძაღლებს, კატებს... მათზე რას გვეტყვი, მეგობრობ მათთან?
- ვმეგობრობ ცხოველებთან, მაგრამ არ მიყვარს ცხოველი სახლში, არადა, მყავს ძაღლი შარპეი, რომელთან შეგუებაც ძალიან გამიჭირდა.

- და ეს ძაღლი ისევ სახლში გყავს?

- კი.

- და როგორ ეგუებით ერთმანეთს?
- უკვე მშვენივრად, რადგან სიტუაცია დავალაგეთ. მას თავისი ადგილი აქვს, ბავშვთან არ მიდის და ქეთოსაც უკვე შევაგნებინეთ, რომ ძაღლთან მისვლა არ შეიძლება (იღიმება).

- სოფო, ექიმებზეც გკითხავ, გე­ში­ნია მათი თუ შენც ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებიც ფრჩხილის წამოტკივებაზეც ექიმთან გარბიან?

- კი, ზუსტად ასეთი ვარ. ბავშვი ვიყავი, როცა კბილზე უმნიშვნელო კარიესი შევამჩნიე და ექიმთან გავიქეცი, მან კი სიცილით გამომაბრუნა, თან მითხრა, კარგი გოგო ხარ, რომ მოხვედი, მაგრამ ასეთ პატარა რაღაცაზე ხელის მოკიდება არ შეიძლებაო (იღიმის), აქედან გამომდინარე, პატარა რაღაცაზეც კი ექიმთან გავრბივარ, რომ დროულად აღმოვფხვრა პრობლემა.

- ნემსის გაკეთებაზე თუ გაქვს გართულება?
- არა, ამაზე პრობლემა არ მქონია, მაგრამ თუ ვხედავ, რომ სხვას უკეთებენ ნემსს, ამაზე ცუდად ვხდები, ორჯერ გულიც წამსვლია ასეთი სიტუაციის გამო. როცა სხვას ცუდად მყოფს ვხედავ, ეს ჩემზე ცუდად მოქმედებს, თავად კი ძალიან ამტანი ვარ.

- სოფო, მართალია, უშიშარ ადამიანებს მიეკუთვნები, მაგრამ როგორ ფიქ­რობ, რა არის ფობია?
- ალბათ, ეს არის არასასიამოვნო ცხოვრებისეული გამოცდილების ან ტრავმის დანალექი, ვფიქრობ, მოულოდნელად ფობია არ შეიძლება გაგიჩნდეს.

- შენი აზრით, როგორ შეიძლება ამის დაძლევა?
- ვფიქრობ, შიში ბოროტისგან მოდის, ამიტომ ყველაზე კარგი დახმარება ეკლესიურობაა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)



















კატეგორია: ინტერვიუები | ნანახია: 1574 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar