მთავარი » 2010 » ივლისი » 8 » მატრაკვეცული პოსტი
7:51 PM
მატრაკვეცული პოსტი

  

"ქართული ენის სიღრმეებში წვდომა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე გატენილი სამარშრუტო ტაქსის უკანა სავარძლის უკიდურესად ხელმარცხნივ მდებარე ადგილიდან ჩამოსვლა” –  მსუქანი ლინგვისტი  

 "ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს” – იოანე ზოსიმე  

 ქართული ენა ნამდვილი ყამირია (თუნდაც იმიტომ, რომ სიტყვა "ყამირი” ზოგიერთმა ახლა პირველად გაიგო). ამის გამო, მის "გათხრებს” თვით ასი "ჰაინრიხ შლიმანის” ტიპის ლინგვისტიც ძნელად თუ გასწვდება ("ასი” – ეს ტრადიციისამებრ, მეტაფორულად "ბევრის” აღნიშვნას რომ ლამობენ ხოლმე, თორემ იგივე წარმატებით  ”ას სამოცდაჩვიდმეტი” შემეძლო მეთქვა).  მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების დიდი ნაწილი წუწუნა მეზობლის მსგავსად ხახვივით (უკან რომ არ აბრუნებენ) ათასი (ან, ათას ას სამოცდაჩვიდმეტი) ენისგან გვაქვს ნასესხები, ეს ჩვენს "ზენას მიერ საქართვლოს მთებში შექმნილ პროდუქტს”, სრულიად არ აკნინებს.  

 ინგლისურ მოკეკლუცე ენას ქართული იმითაც სჯობს, რომ თუ იქ ერთ სიტყვას ცხრა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, აქ, პირიქით – ერთი სიტყვის ცხრანაირად გადმოცემაა შესაძლებელი ("სიტყვა გინდა?! მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა…”). ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად ერთმანეთთან მეტნაკლებად დაკავშირებული ისეთი სიტყვების გახსენებაც საკმარისია, როგორებიც – მეტიჩარა (სავარაუდოდ, "მეტი ჩარა არ აქვს და რა ქნას…”–გან ნაწარმოები), ბაქია, ტრაბახა, მკვეხარა და სხვა მსგავსია. თუმცა, იმ დროს როდესაც, თითოეულ ზემოხსენებულ ზედსართავ სახელს გარკვეული განმარტება შეიძლება მოვუძებნოთ, მათ ოჯახში ერთი ისეთი სიტყვა მაინც არსებობს, რომლის წინაშე განმარტებითი ლექსიკონიც კი ყდას მოკაკვავს.

"რა მატრაკვეცობაა?!”

მატრაკვეცა –  1. გაურკვეველი წარმოშობის სიტყვა, რომელიც ქართულ ხასიათს შესანიშნავადაა მორგებული; 

2. ასოთა სინთეზის კარგი ნიმუში, რომლის ახსნა ყველაზე უკეთ სიტუაციების   ილუსტრირებითაა შესაძლებელი.  

 ასე მაგალითად, მატრაკვეცობაა როდესაც:  

  • მრავლის დასწრების, სიხარულის, ჯანმრთელობისა და ულევი ბედნიერების უტოპიურ ნაზავზე რაიმე შაბლონურ ტექსტს ამზადებ, საათის ისრებს გაფაციცებით შესცქერი და ცდილობ, პოტენციურ კონკურენტებს თქვენი საერთო ნაცნობისათვის დაბადების დღის მილოცვა დაასწრო. მისალოც გზავნილს კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მიაყოლო მეორე,  სიამაყენარევი პათოსით გამსჭვალული შეკითხვაც: "ჰა, ვიყავი პირველი თუ არა?”
  • ვინმე უმნიშვნელო გრამატიკულ, ან, ფაქტობრივ შეცდომას დაუშვებს, ხოლო შენ კი, ბედნიერი იმით, რომ მასზე მეტი იცი, ამ შეცდომას თვითკმაყოფილი, მოირონიულო მზერით უსწორებ. თუმცა, შენი ქმედებით რაიმე სამყაროსეული ძვრები, რა თქმა უნდა, არ ხდება.

მსგავსი  ”ცოდნადაუტეველი ადამიანებისათვის” ლექსიკური სამოთხეა კონტექსტურად ხშირად შეშლადი შემდეგი სიტყვები:  "პლაგიატორი”, "პლაგიატი”, "ჩემ შესახებ”, "სპარტელი”, "აღვნიშნე” და სხვა. ასევე ხშირია იმ ტიპის შესწორებებიც, რომ "ბიზანტიის იმპერია 1453 წლის 28 მაისს კი არა, 1453 წლის 29 მაისს დაეცა”, ან, "სოკრატეს ცოლს ქსანთიპეს ნაცვლად ქსანტიპეს ეძახდნენ”.

 

  • "ადნაკლასნიკებში” ნაცნობის გვერდზე შეხვალ და მხოლოდ იმის გამო, რომ მასთან მეგობრობა,სიყვარული, ან, გარკვეული ორგანოები გაკავშირებს, აბსოლუტურად ყველა სურათზე (თუნდაც ერთ–ერთზე დიდღიპიანი და ბანჯგვლიანი კოღო იყოს გამოსახული) დადებით შეფასებას დაუწერ;
  • მსაჯს ფეხბურთელებისგან ვერ არჩევ, კუთხურსა და აუტს შორის განსხვავება არ იცი, მხოლოდ ის გაგიგია, რომ იტალიასთან ერთად "ფორცა” უნდა იძახო  და მოულოდნელად რომელიმე ნაკრებზე გაფანატებას იწყებ. მიზეზი კი მოდა, შეყვარებულის ხათრი, ან, რომელიღაც ფეხბურთელის სულისშემძვრელად საოცარი ჰაბიტუსია.
  • მანქანისთვის "tyj-567″, "xjt-419″ ან მსგავსი ტიპის სანომრე ნიშანს არ კადრულობ და რამდენიმე ასეულ ლარს იხდი იმაში, რომ საკუთარი სახელის ფუძეს ერთადერთი ასიანი მიაწერო. ხოლო, თუ ფალიაშვილების, წერეთლების, ჭავჭავაძეების, რუსთაველების, ან, ჩოლოყაშვილების დიდ რაოდენობას არ დაინანებ, მაშინ არც შენი გვარის მიწერაზე გეტყვიან უარს. ადამიანებს ხომ ძალიან გვიყვარს, როდესაც ჩვენზე შურნარევი ტონითა და საჩვენებელი თითის გამოყენებით ლაპარაკობენ.

 

  • ადამიანის სახელს უდიერად ეპყრობი და მიმართვისას მხოლოდ მის ფუძეს იყენებ.  ”ნი–ინ”, "ე–ეკ”, "გოჩ”, "ხვიჩ” და მსგავსი კნინობით–გაწელილობითი მოდელის გამოყენებისას – ფამილარობას რომ თავი გავანებოთ –  კვეცა მატრაკვეცობაში უკვე ადვილად გადადის;
  • თიკო სადუნიშვილი ხარ და "უხშირესად” აკუთვნებ საკუთარ თავს ისეთი უცნაური წარმოშობის დაჯგუფებას, როგორიც "გლამურული საზოგადოებაა”… საერთოდაც, თიკო სადუნიშვილი თუ ხარ, ეს უკვე თავისთავადი მატრაკვეცობაა.
  • ერთი მხრივ, ქართულ ლექსიკას უმოწყალოდ ფხაჭნი, პორჭყნი, კაწრავ და მეორე მხრივ, ინგლისურ სიტყვებზე ბრჭყალების გამოჩენა/გამოყენება უკვე გავიწყდება… 
  • ახალგაცნობილ ადამიანს სუფრაზე ისეთი "ჰიპერმეტა” სიტყვებით აქებ, რომ სადღეგრძელოს შემდეგ ბეჭებზე ფრთების ამოსვლის მანიშნებელი ქავილი თუ იგრძნო, გასაკვირი აღარ არის.
  •  საკუთარი ინიციატივით აღნიშნავ, რომ რომელიმე წიგნი ერთ ღამეში წაიკითხე, ან, უბრალოდ ძალიან ბევრი წიგნი გაქვს წაკითხული, რომ შენი ძმაკაცი "აი, უგენიალურეს ლექსებს წერს” და რომ გადაწყვეტე იაპონურ კულტურას მხოლოდ მოდის გამო ეზიარო.
  • დაბადების დღეზე ტორტის მიდამოებში არსებულ სანთლებს ჩაბნელებულ გარემოში, ”happy birthday”–ს აკომპანიმენტის ფონზე აქრობ;

მატრაკვეცა – 3. უფრო მეტად დადებითი კონტექსტის მატარებელი სიტყვაა, ვიდრე უარყოფითის და ალბათ, ადამიანის წამიერ, ან, ჟამიერ აღტკინებას აღნიშნავს… 

პ.ს: აღნიშნული სიტყვის უფრო დეტალური განმარტებისათვის შეგიძლიათ იხილოთ – მისი აღმატებულება, საქართველოს მთავარი მატრაკვეცა… (კი ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ ფრაზის დასასრული მაინც თქვენთვის მომინდვია) :)


მასალის წყარო: D O I N . G E - Orgia










კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1339 | დაამატა: allfile | ტეგები: სანომრე ნიშანი, სადღეგრძელო, მატრაკვეცა, მატრაკვეცობა, მიხეილ სააკაშვილიდ, პლაგიატი, თიკო სადუნიშვილი, მილოცვა, იაპონური კულტურა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar