მთავარი » 2010 » ივნისი » 14 » …და თქვენ რას იცვამთ “სექსი დიდ ქალაქში”-ს პრემიერაზე?
10:43 PM
…და თქვენ რას იცვამთ “სექსი დიდ ქალაქში”-ს პრემიერაზე?
dogლეჯილი ძაღლი

"dogლეჯილი ძაღლი"

"ახალი ამბავი ხდება არა მაშინ, როდესაც ძაღლი უკბენს ადამიანს, არამედ მაშინ, როდესაც ადამიანი უკბენს ძაღლს” – ჟურნალისტური ანდაზა

ბოლო დროს "ძაღლები რატომღაც ძალიან გაცოფდნენ”. შესაბამისად, საინფორმაციო გამოშვებებშიც "ბოდიში, აქ რა მინდა” ტიპის სიუჟეტები უფრო გახშირდა.  

რაღა შორს წავიდეთ გადავრთოთ და დღევანდელ "ქრონიკაში” ბოლო სიუჟეტი მხოლოდ იმას ეძღვნებოდა, თუ "რას ჩაიცვამენ თბილისელი ქალები "სექსი დიდ ქალაქში”-ს პრემიერაზე”. თემა კიდევ ჰო, (გად)აიტანს ადამიანი… მაგრამ უკვე ტრადიციადქცეული ე.წ. "(ლ)ამურული” (სოლარიუმგამოვლილი), "ფუ(ლ)ფუ(ლ)ნებაში” მცხოვრები რესპონდენტები, გატყლარჭული ტონით და ფრიად საჭირბოროტო პრობლემით: რომელი გვარით შეიმოსონ - მინიმუმ ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია. მით უმეტეს, როდესაც ამ ყველაფერს კინოთეატრ "ამირანის” ფარული რეკლამა (”ასეთი პრემიერა საქართველოში ჯერ არასდროს შემდგარა”) ემატება, ეს მოთმინების ფიალაში დასკვნით, "საკონტროლო წვეთს” აგდებს:

"ვაშა, თურმე სპეციალურად პირველი ჩვენებისთვის ფოიეში ვერცხლისფერ ხალიჩას დააგებენ და აბა ჩვენ ვიცით ახლა, შევუხამოთ როგორმე ტანისამოსის ფერები…”

ისე, გამონაკლისი მხოლოდ ეს სიუჟეტი რომ ყოფილიყო, მაშინ ჩვენი ბედისადმი კეთილგანწყობილ ძაღლზე არსებულ გამოთქმას გავიხსენებდი და ამ საკითხს საერთოდ შევეშვებოდი.  თუმცა, მსგავსმა არაფრისმთქმელმა სიუჟეტებმა უკვე ისეთი ორგანიზებული სახე მიიღო, რომ გაჩუმება გადავიფიქრე:

ცხოვრება თამაშია

1.”შეეჩვიე… ფარულ რეკლამას” -  რატომ ითვლება საახალამბო (ძირს "სანიუსე”) თემად ის, რომ "საქართველოს ლატარიის კომპანიამ” მომენტალური მოგების ახალი ბილეთი გამოუშვა, რომ ჩემმა მეზობელმა კუკურიმ ას სამოცდათერთმეტი ათას ას…რაღაც ლარი მოიგო, რომ დღიდან დაარსებისა "ლატარიის კომპანიამ” ექვს მილიონ ლარზე მეტი გაათამაშა, რომ გუშინ გასამართი ლოტო დღეს გაიმართება, რომ… მოკლედ, რატომ უნდა გავიდეს საინფორმაციო გამოშვებაში ის, რაც აშკარად სარეკლამო მასალაა და რაშიც სხვები ფულს იხდიან (მაგალითად: "მე ვარ კუკური, ვიყიდე ლოტოს ბილეთი, მოვიგე ას სამოცდათერთმეტი ათას ას… რაღაც ლარი”). ამას თანდართული აღმასრულებელი დირექტორის სათნოღიმილმოფენილი სახით ნათქვამი – "ჩვენი კომპანია კიდევ ბევრს გაახარებს, დედამიწაზე ბედნიერება დაისადგურებს, ვიცხოვრებთ ყველა ტკბილად და ბედნიერად, უკუნითი უკუნისამდე”-ს ტიპის სიტყვები კი სიუჟეტის ღირსეული დამაგვირგვინებელია.

2. ტყე დაუნერგე შვილებსა… - ერთ დილას რომ ავდგე და  ჩემს ბაღში ვაშლის თორმეტი ხის დარგვა მოვინდომო, ნუთუ, ჩემი ეს სურვილი ტელევიზიის მოსაქანებლად და ჩემზე სიუჟეტის გადასაღებად სრულიად საკმარისია?  არა, სახლის აშენებისა და ბავშვის ”ჩაშენების” შემდეგ, ხის დარგვა რომ ნებისმიერი დედამიწელის ჭეშმარიტი ვალია, ამას თქმა არ უნდა. თუმცა, ”რგვითი პროცესის” აფიშირება, ოფლიანი და ნეტარი სახით აღნიშვნა იმისა, რომ ეს პატრიარქის კურთხევით ხდება და კამერების დასანახად ნერგზე საკუთარი ხელით მიწის მიყრა, მინიმუმ ხელოვნურია, მაქსიმუმ ნაყალბევი თუ არა.  მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს საარჩევნო პერიოდში და თან ეკლესიის ეზოში ხდება, როდესაც პატრიარქის ამ სიტყვებს ზოგი საკუთარი ბიზნესის რეკლამირებისთვის იყენებს, ან, როდესაც, მავანი უბრალოდ იმისთვის ირჯება, რომ საზოგადოების თვალში სისპეტაკის აპოთეოზად გამოჩნდეს.

"ეს ნახატი დედოფალმა ქველმოქმედების ნიშნად შემოგწირათ..."

3. გველ-მოქმედება – რომელიღაც მოაზროვნეს აქვს ნათქვამი, "ადამიანზე მისი საქმეები უნდა მეტყველებდნენ და არა თავად ადამიანიო” (ნუ, თუ არავის არ უთქვამს, დიდი სიამოვნებით მივისაკუთრებ). აქედან გამომდინარე, არ მესმის რა საჭიროა დაუძახო ჟურნალისტებს მაშინ, როდესაც ქველმოქმედებას უანგაროდ ეწევი. შესაბამისად,  როდესაც ადამიანი (ხშირ შემთხვევაში, რომელიმე ბიზნესმენი, ან, წარმატებული კომპანიის მეპატრონე) ხმამაღლა ამბობს, რომ ამა თუ იმ ბავშვთა სახლს დაეხმარა, ეს ქველმოქმედება კი არა ტიპური რეკლამა და პიარია. რატომ არის ახალი ამბავი ის, რომ X ფირმის დირექტორმა  რომელიღაც ბავშვთა სახლს მიაკითხა და სამი ცალი კამფეტი აჩუქა, რომ ვიღაც პარლამენტარი, ან, გამგებელი ღვაწლმოსილ პენსიონერს სახლში მიადგა, აკოცა (”დაჟე”) და ტელევიზორიც კი უსახსოვრა. რატომ არ შეიძლება, ყველაფერი ეს კამერის მიღმა გაკეთდეს? მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხმა გაიგოს, თუ რა უსაზღვროდ კეთილ გულებს ვატარებთ მკერდით?

4. ”მოდი, მაყურებელი გავაცუცურაკოთ” – როდესაც მაგთი, ჯეოსელი, პოპული, გუდვილი, პე-ეს-პე, ავერსი და ქართული ბაზრის სხვა გიგანტები რაიმე ახალ სერვისს შემოიღებენ, ამის შესახებ მაინცდამაინც "კურიერში”, ან, "ქრონიკაში” რატომ უნდა ვიგებდეთ?  ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ჩვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ხომ სიუჟეტებს შორის არსებულ სარეკლამო ჭრებში უნდა ხდებოდეს. ყველანაირი საქონლის (თუნდაც დროის) ასე ღიად გაყიდვაც არ შეიძლება… ბოლოსდაბოლოს, ნამუსიც ხომ კარგი საქონელია.  მაყურებელი ვალდებული არ არის მიხვდეს სად მთავრდება ჟურნალისტიკა და იწყება რეკლამა (რაღაც "ბაუნის” გამხმოვანებელივით გამომივიდა, მაგრამ არა უშავს);

დაჰკა 
მაგას

"დაჰკა მაგას"

5. "ეკრანზე დიდი ხანია აღარ გამოვჩენილვარ და…”  - ამ ტიპის ბრიფინგები, ძირითადად ლეიბორისტებს და ჯონდი ბაღათურიას ახასიათებთ. მოიწვევენ ჟურნალისტებს და ტრიბუნასთან ისეთი სერიოზული სახით დადგებიან, სამყაროს ის ღვაწლმოსილი მოაზროვნეები გეგონება, რომლებიც რამდენიმე წუთში კაცობრიობის ცხოვრებას შეცვლიან…  თუმცა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება, რომ ისინი უბრალოდ რაღაცაზე არიან აღშფოთებულები, ცხოვრებაში პრობლემები აწუხებთ, მეზობლისგან – წყალი და თვითონ კი  - ცხვირი აქვთ ჩამოშვებული, წუწუნის ხასიათზე გაეღვიძათ და უნდათ ვინმეს გული გადაუშალონ,  სააკაშვილის გინება უნდათ და აბა უკამეროდ მათ გონებამახვილურ შედარებებს რა აზრი ჰქონდა… მოკლედ, ტელევიზორში გამოჩენა უნდათ და რაღაც მიზეზებს იგონებენ, რომ ჟურნალისტების მოწვევის საფუძველი გაუჩნდეთ. ჟურნალისტებსაც სხვა რა საქმე აქვთ… ბოლოსდაბოლოს, ყოველდღე ხომ არ არის "სექსი დიდ ქალაქში 2″-ის პრემიერა, რომ თავში ნახსენები საუცხოო მასალები "გამოაცხონ”;

პ.ს: როგორ ფიქრობთ ხაკისფერი პიჯაკი, ტყლარწისფერი შარვალი და "გაკრახმალებული” პერანგი ღია ფანჯრისფერ ჰალსტუხს მოუხდება თუ რჩევისათვის მეც ვინმე ავთანდილისებრს მივმართო? :)










კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 1377 | დაამატა: allfile | ტეგები: პოლიტიკოსები, სექსი დიდ ქალაქში, რეკლამა, ქველმოქმედება, სიუჟეტი, საქართველოს ლატარიის კომპანია, ნიუსი, კურიერი, ჟურნალისტები, ბრიფინგი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar