მთავარი » 2009 » ნოემბერი » 27 » 10 ყველაზე გავრცელებული ტყუილი
11:19 PM
10 ყველაზე გავრცელებული ტყუილი

პორნოქიო - ადამიანი, რომელიც თავის სექსუალურ თავგადასავლებს აზვიადებს (ამერიკული სლენგიდან)

პორნოქიო – ადამიანი, რომელიც თავის სექსუალურ თავგადასავლებს აზვიადებს (ამერიკული სლენგიდან)

    ტყუილის ისტორია ჯერ კიდევ იქიდან იწყება, როცა ორმა "ერთფოთლიანმა ლეღვმა” "apple”-ს ლოგოს პირველი პროტოტიპი "აჩუქა” შთამომავლობას და მერე ღმერთის მოტყუება განიზრახა. მას შემდეგ ადამიანი  ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან იტყუება და  პრინციპში მართალიცაა. სიცრუის გარეშე დაინგრეოდა ყველაფერი –  ადამიანური ურთიერთობებიდან დაწყებული "რუსთავი 2″-ით დამთავრებული. ლექსიკაში კი გაიზრდებოდა ისეთი ფრაზების რაოდენობა, როგორებიცაა: "უიმე, დღეს რა საშინლად გამოიყურები", "არ ცდები, ნამდვილად მსუქანი ხარ", "არანაირად არ გიხდება ეგ კაბა", "-სამაგიეროდ, მე არ მიყვარხარ", ”საერთოდ არ ყოფილა სასიამოვნო შენი გაცნობა” და სხვა. რატომ შეიძლება იყოს ცუდი ის, რითაც ამ ყველაფრის დაფარვაა შესაძლებელი? :)
      მეორეს მხრივ, ზოგი ფრაზა და სიტუაცია იმდენად ხშირად მეორდება, რომ მის სიცრუეს უკვე ყველა ხვდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თითქმის არავინ იმჩნევს. ასე მაგალითად:

10. "შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ მთელს მსოფლიოში” – სრულიად მოკლეფეხა კომპლიმენტი, რომელიც ყველას სიამოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი, ჯესიკა ალბა, აიშვერია რაი და მრავალი მსგავსი ჰყავს ნანახი. განსაკუთრებით, სასიამოვნოა ეს სიტყვები "ფიფქიას დედინაცვლის” სინდრომით შეპყრობილ ადამიანებისათვის. არადა, იმისათვის, რომ ეს ფრაზა სიმართლის მარცვალს შეიცავდეს, მის მთქმელს მინიმუმ 2 მილიარდი ქალი მაინც უნდა ყავდეს ნანახი, რათა ობიექტური შედარების გაკეთება მოახერხოს.

თუ, რა თქმა უნდა, ამ ფრაზის ადრესატი ეს ქალი არ არის :)

"თუ, რა თქმა უნდა, ფრაზის ადრესატი ეს ქალი არ არის" :)

9. "მე ყველაზე უბედური ადამიანი ვარ სამყაროში” – ამის მთქმელისთვის კი სულ მცირე ეს სურათიც საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარი ფრაზის სიცრუეში წამიერად დარწმუნდეს და ის "წუწუნის” კატეგორიას მიაკუთვნოს.

საუზმის მოლოდინში

"საუზმის მოლოდინში"

( ფოტოგრაფმა ამ სურათში "პულიცერის” პრემიის მიღების შემდეგ, თავი მოიკლა)

8. "მე არასოდეს ვიტყუები” – თუკი ვინმე ამ ფრაზას იტყვის, ჩათვალეთ რომ მის "უმწიკვლო” ცხოვრებაში ეს უბრალოდ მორიგი ტყუილია. მარკ ტვენს აქვს ნათქვამი: "ადამიანი ყველაზე მართალი მაშინაა, როცა აღიარებს, რომ მატყუარააო"

7. როდესაც ვინმე ისეთ ნაცნობს ხვდები (აი, შესაძლებლობის შემთხვევაში "ნივიჟუ"-თი რომ "გადააგორებდი”), თქვენი დიალოგი ტყუილებისა და ცრუ-ინტერესის მთელი ფოიერვერკია.

შენ:  -ვა! (ხელოვნური შეძახილი)
ის:    -ოჰ! (არანაკლებ)
შენ:  -რავა ხარ? (ფორმალობა)
ის:   -არა მიშავს, შენ? (ასევე აუცილებლობით გამოწვეული)
შენ: -მეც ეგრე. რას შვრები? (არადა, საერთოდ არ გაინტერესებს)
ის:   -რავი, არაფერს ისეთს, შენ? (ჩანს ერთადერთი სურვილი, რომ საუბარი მალე მორჩეს)
შენ: -მეც ეგრე. შენი ტელეფონის ნომერი ჩამაწერინე და დაგეკონტაქტები

    რა თქმა უნდა, როგორც წესი, არ ეკონტაქტები იქამდე, სანამ სადმე კიდევ ერთხელ შემთხვევით არ შეგხვდება. მერე იგივე დიალოგი, (შეიძლება ჰკითხო, "სად სწავლობს”, თან პერიოდულად, ყოველ შეხვედრაზე) და რა თქმა უნდა, იგივე პროცედურა ტელეფონის ნომერთან დაკავშირებით…

6.  როდესაც სამარშუტო ტაქსში ზემოთხსენებული ნაცნობისებრი ამოვა, შენ ძირითადად ფანჯარაში იწყებ ყურებას იმ იმედით, რომ  ის ვერ შეგნიშნავს. თუმცა, შემთხვევით თუ შეგეხედა, ან იმანაც "ფანჯარაში ყურების ნაცვლად” შეგნიშნა და  დაგიძახა, უმანკო სახით, აუცილებლად უნდა თქვა გავრცელებული ტყუილი: "უი, ვერ დაგინახე”

5. "სახლში დამრჩა დავალება", "საცობში მოვყევი", "მაღვიძარამ არ დარეკა” – კლასიკური ტყუილები, უცოდინრობისა და დაგვიანების გასამართლებლად, რომლის წინაშეც მასწავლებელი უძლურია და მხოლოდ "თავის დარჩენის” მოძველებული ხუმრობით კმაყოფილდება.

4. "ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და თავად სააკაშვილის გამოსვლების 80 % (აქტიურად ფიგურირებს შემდეგი სახის საკვანძო საცრუე სიტყვები: ტალიავინი, ნატო, პენსია, სიღარიბე და ა.შ)

რამდენს უძლებს ჩემი ცხვირი...

"რამდენს უძლებს ჩემი ცხვირი..."

3. ტყუილია, დიდი ნაწილი პასუხებისა კითხვაზე: "ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ” – როგორც წესი, პასუხობ საყვარელ წიგნს ან იმას, რაც პირველი გახსენდება. ხშირ შემთხვევაში ეს პასუხი იწყება ფრაზით: "ამჟამად ვკითხულობ…” (აქვე მინდა აღვნიშნო ერთი საინტერესო ფენომენი: "საყვარელ მწერლად” დაასახელო გაბრიელ გარსია მარკესი ისე, რომ წაკითხული გქონდეს მხოლოდ მისი "მარტოობის 100 წელიწადი”. თან, კარგად ვერც გაიგო აზრი და მოგწონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი აქებს)

2. "გენაცვალე", "შენი ჭირიმე", "ჩემს კონკურენტებს ვუსურვებ წარმატებას" - ადამიანთა უმეტესობის ეგოიზმიდან გამომდინარე შეუძლებელია მას რეალურად ჰქონდეს სურვილი ვინმეს "ენაცვალოს” ან ვინმეს ჭირი თავისთვის ისურვოს. ისევე როგორც, შეუძლებელია რომელიმე კონკურსზე გამოსვლის წინ კონკურენტებს წარმატება გულწრფელად უსურვო.

1. ”მე შენ მიყვარხარ” – ფრაზა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, თავიდან ნამდვილად სიმართლეა, (თუ მთქმელს მატერიალური  ან სხვა სახის მიზნები არ ამოძრავებს),  ხოლო შემდეგ, როგორც წესი, საწყის სიწრფელეს კარგავს და ერთგვარად, მოვალეობას უფრო ჰგავს, ვიდრე გულიდან ამოსულ სიტყვებს…

და ბოლოს, გამარჯვებული "ტყუილის სახეობა”: კომენტარები მეგობრების სურათებზე, ლექსებზე, მოთხრობებზე… (”dz მაგრად ხარ” , "მაგარი ქალი ხარ”, "ვაიმეეეე, რა მაგარი ფოტოა”, "ძააან საყვარელი ხარ”, "მიყვარხარ :* :* :*”, "გენიალურ ლექსებს წერ”, "ჩემი სიცოცხლე”, "რა კაცი ხარ…” და ა.შ.)

პ.ს: გამარჯვებული ტყუილის წესი ბლოგებზეც ვრცელდება…










კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 1777 | დაამატა: allfile | ტეგები: ტყუილი, წიგნი, სააკაშვილი, გენაცვალე, მე შენ მიყვარხარ, კომენტარები, კომპლიმენტი, doin.ge, მარშუტკა, პინოქიო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar