მთავარი » 2009 » იანვარი » 29 » თამაზ მამალაძე: არსენა - "ლიტერატურული საქართველო "
9:37 PM
თამაზ მამალაძე: არსენა - "ლიტერატურული საქართველო "
 
                                  
 
თავისი მოღვაწეობის მესამე წლისთვზე, პოლიციის შეფმა ბატონის დავალება აღასრულა:
არსენა ოძელაშვილი დაიჭირა, ხელბორკილები და ფეხბორკილები დაადო და ორთაჭალის ციხეში,
 სპეციალურად მისთვის გამზადებულ საკანში ჩაამწყვდია, სადაც შენი დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვიო!

- რას მერჩი? - ჰკითხა არსენა ოძელაშვილმა, - ადრინდელი დანაშაულისათვის სასჯელი მოვიხადე, მომკლეს კიდეც ფარსადან ბოდბისხეველის ღალატით და მას შემდეგ აღარ ვყაჩაღობ, ვცხოვრობ სოფელში, ვხნავ, ვთესავ, ვიმკი და გადასახადსაც პირნათლად ვიხდი. წარსულის გახსენებასაც ვერიდები ყველა წყენა დავივიწყე, ნათლიმამაც კი შევირიგე.

- ეჭვმიტანილი ხარ. - წინასწარ, ორთვიანი პატიმრობა მოგესჯება.

ორი თვე ფიქრობდა არსენა ოძელაშვილი, ისეთი რა დავაშავე, ორი საუკუნის წინათ, ახალმა ხელისუფლებამ, მრავალი წყობილების შეცვლისა, ომებისა და რეპრესიების გადატანის შემდეგ, ახლა რომ გამიხსენაო? ორი საუკუნეც რომ ეფიქრა, ამის მიზეზს ვერ ამოიცნობდა, რადგან არავინ არ იცოდა ბატონის გარდა, რომელსაც არსენობა ბავშვობიდანვე ენატრებოდა. ვითომ, არსენობდა კიდეც. უმცროსკლასელებს აშინებდა, ფული მომიტანეთ, თორემ... მუშტს მოუღერებდა, არსენა ვარო! შეუტყვეს ოინბაზობა და სკოლიდან გარიცხეს, სხვა სკოლაში გადადი, აქ არ დაგედგომებაო. ისტორიის მასწავლებელმა ისტორიული ფაქტების დამახინჯება არ აპატია, არსენობისთვის არ გამოდგები, ნახევრად არსენა ხარ, მხოლოდ წართმევა შეგიძლიაო, ხოლო ლიტერატურის მასწავლებელმა სახალხო გმირის შეურაცხყოფა ვერ მოინელა, რა ცუდად მისწავლებია არსენა ოძელაშვილის დამსახურება ერისა და ქვეყნის წინაშეო! კინაღამ თაგვის წამალი გადაყლაპა, რაღაა ჩემი სიცოცხლეო?

გამოხდა ხანი და ის ნახევრად არსენა ბატონი გახდა და ბავშვობის ჩვევას არ იშლიდა, ისევ არსენა ვარო! იქნებ, მეც იმასავით შემიყვაროს ხალხმა და მაქოს-მადიდოსო!

- მე მხოლოდ მდიდრებს ვართმევდი, ეგ კი ორივეს აყაჩაღებს: მდიდრებსაც და ღარიბებსაც, ამიტომ ერთმანეთს არა ვგავართ, ტყუილიაო! - თქვა არსენა ოძელაშვილმა მთელი სოფლის გასაგონად და გლეხებმაც დაუდასტურეს, მართალიაო! ბატონმა ტელევიზიით შეიტყო მისი ბრალდება და სახტად დარჩა.

- ეგ ისევ ცოცხალია? - წნევა აუვარდა ბატონს და ლამის კეფა გამოუნგრია. - დაიჭირეთ და გაკოჭეთ არსენა ოძელაშვილი! - ბრძანა - პირველობაში მეცილებაო.

- რა ბრალდებით? - მაგის დაჭერას ფარსადანი თუ შეძლებს.

- ბიზნესმენების დატერორებისათვის, იარაღის ტარებისათვის, ნარკოტიკებისათვის. - ჩამოუთვალა. - საბაბი ვერ გიპოვიათ, რანაირი პოლიციელები ხართ?!

- მაშინ ნარკოტიკები არ შემოჰქონდათ ჩვენში.

- ახლა ხომ შემოაქვთ?

- ახლა, რამდენიც გინდა.

- ჰოდა, დააკავშირე წარსული აწმყოსთან და მომავალთანაც ისე, რომ ვერ მიგიხვდნენ. - ურჩია, ეგ თავი გააქან-გამოაქანეო.

- რახან თქვენ გინდათ... - საქვეყნოდ გამოაცხადეს, ვინც ტერორისტ არსენა ოძელაშვილს დაგვაჭერინებს, მილიონ ლარს ვაჩუქებთო.

დაფაცურდა მოსახლეობა, სხვამ არ მოგვასწროს გამილიონერებაო. ზოგმა, ხოვლეში ნათესავთან იმალებაო, ზოგმა, მარაბდაშიაო, მარაბდელიაო. ზოგმა ისიც აცნობა პოლიციას, მაღალმთიან ნასოფლარ საყავრეში გაიხიზნა, გალტოლვილებას გადარჩენილ ოსებთანო. ზოგმა, ევროპისკენ გაისტუმრა, ზოგმაც, ამერიკისკენ, მის ასავალ-დასავალს ვერ მიაგნებთო, გზა-კვალის არევაც სცადეს. ბოლოს, ისევ ფარსადანმა იყოჩაღა, ქვეყნის მოღალატეს, ნათლულსაც არ დავინდობ, ჩემთანაა, მოდით და წაიყვანეთ, დასაძინებელი ფხვნილი ჩავუყარე ღვინოშიო. ადრე აღებული ფული აქამდე მეყო, აწი, ერთი საუკუნე მაინც ამათ მილიონს გამოვიზოგავ, მომავალ დაპატიმრებამდე ვიკმარებ, არსენას საუკუნეში ერთხელ გაციმბირება არ ასცდებაო. დაძინებული არსენა ოძელაშვილი წაიყვანეს, მთელ მსოფლიოს დავანახვებთ, რა მონდომებით ვებრძვით ტერორისტებსო.

- ორი საუკუნის განმავლობაში, უამრავი დანაშაული დაუგროვდა მსჯავრდებულ არსენა ოძელაშვილს. - დაიწყო პროკურორმა სასამართლოზე ორი თვის შემდეგ. - ქონებას და ფულს სძალავდა პატიოსან ბიზნესმენებს.

- მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდა - გამოესარჩლა ადვოკატი. - ეს ნათლად ჩანს იმ ლექსიდანაც, ხალხმა რომ მიუძღვნა.

- წართმევა დაუშვებელია! - ვინ მისცა ამის უფლება?! - აღშფოთდა მოსამართლე.

- როცა სახელმწიფო უძლურია სამართლიანობის დასამყარებლად, გმირი... - ადვოკატს არ დაასრულებინა პროკურორმა:

- ჩვენთვის ცნობილია წართმევის ფაქტები, მაგრამ დარიგების ფაქტები უცნობია. ლექსში გაზვიადებულია მისი მორალური ღირსებები.

- დაკითხეთ მოწმეები, - მოითხოვა ადვოკატმა.

მოწმეები სათითაოდ გამოიძახეს: ერთმა ხუთი ოქრო მომცაო, მეორემ, ათიო. მესამემ, სარწყავი წყალი უფასოდ გადმოუშვა ჩემს ნაკვეთშიო, მეოთხემ, სასუქი მომიტანაო, მეხუთემ, ვაზის ჩაყრაში მომეხმარაო, მეექვსემ, სოფლისათვის სასარგებლო კაცია, მაგის მოცდენა ციხეში სოფლისთვის საზარალოა, ვინა გყავთ უკეთესი? ბატონიც მაგას ედრებაო! მეშვიდემ, არსენას შეეშვით, თორემ დედას გიტირებთო!

- რა სიკეთე მოუტანა ხალხს არსენა ოძელაშვილმა, გმირად რომ აქცია?! - გასუსული უსმენდნენ პროკურორს, რას დააბრალებსო? - მისი ყოველი ყაჩაღობა და ტერორი სოფლისა და რაიონის ეგზეკუციითა და მოსახლეობის აწიოკებით მთავრდებოდა. ღირდა კი მისი ნადავლი ამდენად? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ იგი ხალხის მტერია, თქვენ კი უმღერით, ლექსებით ადიდებთ, ძეგლებით აღმერთებთ. ერთმა მწერალმა რომანიც დაწერა ამ ყაჩაღზე და საკადრისი სასჯელიც მიიღო, ბატონზე რომ დაეწერა გადარჩებოდა, პრემიასაც დაიმსახურებდა. ფილმიც კი შეჰქმნეს არსენაზე იმ უსახსრობის დროს. - აღშფოთება ვერ დაიოკა პროკურორმა, რა მონური თაყვანისცემააო?

- ხალხს გვიყვარს არსენა! რა არსენას ბრალია?

- არსენა ოძელაშვილი გმირად უღარიბესმა, უქნარა გლეხობამ და საბჭოთა ინტელიგენციამ აქცია! - დაასკვნა პროკურორმა და წყალი მოსვა.

- თქვენზეც იმღერებენ, თუკი იმუყაითებთ. - დააიმედა ადვოკატმა, რა გული გაგიტეხიათ?

- როდისღა? - უკვე მესამე წელი მიილია, რაც მოვედით და ერთი ლექსიც არ ჩაურითმებიათ, ერთი სიმღერა, ერთი რომანიც არ შეუქმნიათ, ჩვენს ბატონზე, ფელეტონითაც არ გაუხალისებიათ, რა უმადურობაა?!

- ერთი სპექტაკლი ხომ დაიდგა? - გაახსენეს, მაგრამ პროკურორს არ გაუგია.

- ჩვენ გვინდა ახალი სიმღერები და ლექსები! - ეშხში შევიდა პროკურორი. - ახალი პოემები და რომანები!

- ასე უცბად არ მოხერხდება. - პროკურორის დამშვიდება სცადა ადვოკატმა. - ჯერ არაფერი აგიშენებიათ და რაზე გიმღეროთ?

- მოგვბეზრდა ძველი სიმღერები და ლექსები, ძველი სპექტაკლები და ფილმები! - არ ჩერდებოდა პროკურორი. - დადგა დრო ახალი რომანებისა და რომანსებისა!

- მწერლებს და კომპოზიტორებს არ აფინანსებთ და... სიმღერასა და ლექსს უფასოდ რატომ დაგიწერენ? საბაზრო ეკონომიკა მძვინვარებს ქვეყანაში.

- ჯერ დაიმსახურონ და მერე დავაფინანსებთ. - მანამდე კაპიკსაც ვერ ეღირსებიან!

- არსენა რა შუაშია? - რროცესს ავცდითო, შეახსენა ადვოკატმა.

- მალე სხვებსაც დავატუსაღებთ! არსენაზე არ შევჩერდებით!

- ვის? - დაინტერესდნენ დარბაზში.

- ვის და კაკო ბღაჭიაშვილს, მაცი ხვიტიას, სისონა დარჩიას, სიმონა დოლიძეს და დათა თუთაშხიას! - სამომავლოდ საქმე გაიჩინა პროკურორმა. - კანონიერი ქურდებისა და ყაჩაღებისაგან გავათავისუფლებთ სამშობლოს, გულუბრყვილო და მიამიტ ბიზნესმენს თავი ვერ გამოუყვია დაცვის გარეშე, ფულის მშვიდად დათვლასაც ვერ ასწრებს, ხელიდან სტაცებენ.

- ისინი დღემდე მოუწოდებენ მოსახლეობას დაუმორჩილებლობისაკენ. - დაამატა მოსამართლემ.

- ორი საუკუნეა, რაც მოვკვდი. - გაახსენა მოსამართლეს არსენა ოძელაშვილმა. - მიწაშიც აღარ მასვენებთ?

- თუ მოკვდი, რატომ გიმღერიან? რატომ გედრებიან?

- იმიტომ, რომ სამაგალითოა არსენა - გაამართლა ადვოკატმა.

- მკვდარს რაში სჭირდება ამდენი ქება-დიდება? მაინც არ ესმის.

- ეგრე გეგონოს! უბრალო გაფაჩუნებაც არ გამომეპარება.

- არსენა მოკვდა, მაგრამ მაინც ცოცხალია! - დაიძახეს სოფლელებმა.

- თუ ცოცხალია, მისი გასამართლებაც გამართლებულია. - კანონის მოთხოვნებს არ ვარღვევთ - თქვა მოსამართლემ.

- შეგიძლიათ გაასამართლოთ, მიუსაჯოთ კიდეც, მაგრამ ვერ დაიჭერთ, რადგან ფიზიკურად მკვდარია. - თქვა ადვოკატმა, ორასი წლის კაცის დაჭერა გაგიგიათ?

- აბა, რასთვის შევიკრიბეთ აქ?

- ხალხის გალაჩრებას ცდილობთ, მაგრამ...

- არსენა ოძელაშვილი ჩრდილოეთელი მეზობლის აგენტიც იყო. - ახალი ბრალდება წაუყენა პროკურორმა. - საბრძოლო ტექნიკის შემოტანასა და შენახვაში ეხმარებოდა რუსის ჯარს.

- მთელი დღე საკუთარ ბაღ-ვენახში იქანცება და როდისღა აგენტობს? - ადვოკატი ისევ წამოდგა. - რუსეთის ჯარიც აღარაა ქვეყანაში. ამერიკელები შემოგვესივნენ.

მისი მობილური ტელეფონით საუბარი ჩაწერილია. - ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

- მოგვასმენინეთ, რაზე საუბრობენ.

- ვითომ, საოჯახო მიკითხვ-მოკითხვაა, მაგრამ სინამდვილეში ღალატის სუნი უდის. - ცხვირით დაყნოსა ჰაერი, აქაც კი იგრძნობაო.

- ქალაქში სამიტინგოდაც არ მოგვყვებოდა, სადა მცალიაო. - ადგილიდან დაიძახა მეზობელმა გლეხმა, თავისი ეზოდანაც არ გადმოდიოდა, დაჭიანჭველობდაო.

- თქვენც ტყვილა დარბიხართ, ინანებთო, გვეუბნებოდა, მაგრამ არ ვუჯერებდით. - დაუმატა მეორემ.

- ხო ვინანეთ? - გამომწვევად ჰკითხა პირველმა გლეხმა მოსამართლეს. - იმან წინასწარ იცოდა, რომ ვინანებდით.

- მე არ მინანია. - ამაყად მიმოიხედა მოსამართლემ, მანამდე ვინ მაღირსებდა მოსამართლეობას?

- არც მე. ბავშვობის ოცნება ამისრულდა, გავპროკურორდი. - ჩვენ კი ვნანობთ ნოემბრის რევოლუციას! - გლეხებმა საკუთარი წინდაუხედაობა აღიარეს.

- ოქტომბრის რევოლუციას?

- ოქტომბრის რვოლუციამ მუშები და გლეხები ამოგვასუნთქა, გაგვაკოლექტივა, გაგვამდიდრა, გაგვამსუქნა, ქვეყანაც გააერთიანა.

- ნოემბრის რევოლუციამ კი ჩაგვაშხამა ოქტომბრის რევოლუცია, - ვერ მოენელებია მეორე გლეხს. - გაგვამჭლევა, გაგვამსუნაგა, ჩვენ წაგვართვა და მდიდრებს მისცა, მამულიც დააქუცმაცა. - საჩვენო არ გამოდგაო.

- ღარიბები უფრო გაგვაღარიბა, მდიდრები უფრო გაამდიდრა.

- შეწყდეს ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები! - აკრძალა მოსამართლემ, - თორემ დაგაჯარიმებთ!

- ენაბორკილებს ვერ დაგვადებთ! - აყვირდნენ არსენას გულშემატკივრები.

- არსენა ოძელაშვილი საშიშია ქვეყნისათვის!

- რატომ, ბატონო პროკურორო? დაასაბუთეთ!

- მას შეუძლია ხალხი აიყოლიოს, რისი უფლებაც არავისა აქვს, ბატონის მეტს.

- იგი წინააღმდეგია რევოლუციების, არც წყობილების შეცვლას გაუხარებია, მთავარი განწყობილების გაკეთილშობილებაა, ღარიბებსა და მდიდრებს შორის გაჩენილი საშიში უფსკრულის ამოვსებაა.

- იმას რითი ახსნით, რომ ერთი კაპიკიც არ გაუღია არც ოქტომბრის სოციალისტური და არც ნოემბრის ვარდისტური რევოლუციების დასახმარებლად? ისე მოვედით და წავედით, არც გაუგია.

- სად წავედით? - შეშინდა მოსამართლე, კვლავაც ხომ არ იქუხა "ავრორამო?"

- ბატონს მოახლე ქალიც მოსტაცა, რითაც ადამიანის საკუთრების უფლება ფეხქვეშ გათელა. - გააგრძელა პროკურორმა, ამას რომელი სამართალდამცავი მოიწონებს?!

- მათ უყვარდათ ერთმანეთი.

- სხვისი საკუთრების შეყვარება უკანონობაა! - ანერვიულდა მოსამართლე.

- სიყვარულს დიქტატურის დროსაც ვერ უკრძალავდნენ. - იგი ნებადართული, შეუზღუდავი გრძნობაა - მონებსაც კი უყვართ ერთმანეთი.

- გიყვარდეთ, მაგრამ ვერ მოსტაცებ, - მართლმსაჯულება იცავს.

- ხომ შეიძლება ჩემი სასახლეც მოგეწონოს?! - ივარაუდა მოსამართლემ. - უნდა წამართვა?

- როცა აქედან გამოვალ, აუცილებლად წაგართმევ! - დაემუქრა ჩაგალიებული არსენა ოძელაშვილი.

შენ აქედან ვეღარ გააღწევ! - ეჭვი არ ეპარებოდა მოსამართლეს, თუ ხელახლა გაარსენდა, აღარაფერს დაგვიტოვებს, გაგვაკულაკებსო.

- ეგრე ეგონათ ორი საუკუნის წინათაც, მაგრამ ისევ ცოცხალი ვარ! - წამოიმართა არსენა ოძელაშვილი და რკინის გალია შეავსო საკუთარი სიმაღლითა და სიგანით. თვალებს ისე აბრიალებდა, მოსამართლემ და პროკურორმა ერთმანეთს გადახედეს, ხიფათში ჩავიგდეთ საკუთარი და შთამომავლობის მომავალიო.

- აიკრძალოს არსენას ლექსისა და რომანის სწავლება სკოლაში, არსენას ფილმის ჩვენება, - სასწრაფოდ მოითხოვა პროკურორმა. - არსენას ძეგლი მცხეთიდან გაიტანონ ძეგვში ან გადააგდონ მტკვარში, გაიყიდოს მისი პაპისეული სახლ-კარი აუქციონზე. ამის შემდეგ რაღა გააცოცხლებს? ვინღა დააბრუნებს სამშობლოში? აღარ ემახსოვრებათ.

- ლექსმა და რომანმა რა დააშავა? ძეგლიც თავისთვის დგას მცხეთის შესასვლელში.

- ახალგაზრდობა გახრწნა მორალურად. - არსენას გადააბრალა პროკურორმა. - სკოლებში და საბავშვო ბაღებში ცივი და ცხელი იარაღით აღჭურვილი ბავშვები არსენობენ, ერთმანეთს ემუქრებიან და ხშირად კლავენ კიდეც.

- არსენას ერთი კაციც არ შემოკვდომია. - თქვა ადვოკატმა - აბა, დამისახელეთ!

- გაარსენებულებმა ხომ მოჰკლეს? - არ ნებდებოდა პროკურორი - ყოველდღე სისხლისღვრაა სკოლებში და საბავშვო ბაღებში, სკვერებსა და ქუჩებში. - ბავშვებს ჩანთებიდან ამოაცალეთ იარაღი და ჩაულაგეთ წიგნები! - მოუწოდა ადვოკატმა. - ვინ უნდა გააკეთოს ეს, ვის ავალდებულებ?! - გაცხარდა მოსამართლე, ძალიან გაგვიგრძელდა მასლაათიო. - სასამართლო მიდის განაჩენის გამოსატანად. - დაიბარა და უკანა კარიდან გაუჩინარდა. მსაჯულებიც მიჰყვნენ, იქ უფრო მშვიდად ვიმსჯელებთ, გულდასმით ავწონ-დავწონითო. დიდხანს ელოდნენ მოსამართლის გამოჩენას. გავიდა ერთი საათი, ორი, სამი. მზე ჯერ მთაწმინდას დაადგა, მერე ოქროყანას, კოჯორს, კიკეთს და მანგლისისკენ დაეშვა. ჩრდილი პირველად სასამართლოს ეზოში დაეცა, კიბეები აითვალა, კედლებზე აცოცდა, ოთახებიც ჩააბნელა და სახურავზეც დაეფინა, ხვალ დილამდე გემშვიდობებითო, ხელიც კი დაიქნია.

გლეხები აჩქარდნენ, სოფლის ავტობუსზე დაგვაგვიანდებაო. პროკურორმა, განაჩენი წინასწარ შეთანხმებულია, ბატონს ვუპატაკებ დავალების შესრულებას, თორემ ისიც წავა სახლში ან საზღვარგარეთო. პოლიციელებს ჩაეძინათ, ეს მაინც გალიაშია და ვერსად დაგვიძვრებაო. ადვოკატმა, მე ერთიღა დავრჩი, ჩემი ვალია განაჩენს დაველოდოო, მაგრამ იმდენად მომქანცველი გამოდგა ლოდინი, ჩემს დარჩენას აზრი არა აქვს, განაჩენი ადრევე გამოუტანესო. იქნებ, ხვალისთვის გადასდეს პროცესის გაგრძელება და მე ვერ გავიგეო. არსენას დავემშვიდობებიო და გალიისკენ მიბრუნდა, მაგრამ ცარიელი დახვდა, მსჯავრდებული სადღააო? ალბათ, მეზობლებს გაჰყვა სოფელში, იქნებ, გაამართლეს კიდეც ხანდაზმულობის გამო და დარბაზიდანვე გაათავისუფლეს, გალია გაუღეს და გააფრინესო. მე სად ვიყავი იმ დროს? რატომ ვერ გავიგე? ოთახიდან არც გავსულვარ, თვალიც არ მიმილულიაო, ვის ვკითხო? აღარავინ დარჩა, ამათაც მკვდრებივით სძინავთო, პოლიციელებს გულისხმობდა. ხვალ ისევ მოვალ და ისევ ვუადვოკატებ, მაგრამ მეეჭვება, არსენა ოძელაშვილი ნებაყოფლობით ჩაიკეტოს გალიაშიო. ერთი საუკუნე მაინც მოგვიწევს ლოდინი, სანამ განმეორებით არ დაიჭერენ ბატონის ბრძანებითა და ფარსადან ბოდბისხეველის ღალატით, სანამ არ გამოჩნდება ბრალმდებელი პროკურორი და ქურუმი მოსამართლე, სანამ არ დაიცავს გაწუწკებული ადვოკატი, რადგან არსენა არსენობას არ დაიშლის, სანამ ქვეყანაში უსამართლობაა და ღმერთი როგორ წაახდენსო?





კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 2989 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar