მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » ნოდიკო ტატიშვილი ლონდონში სასწავლებლად წავიდა
3:22 PM
ნოდიკო ტატიშვილი ლონდონში სასწავლებლად წავიდა

Ambebi.Geროცა მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს დავურეკე და "ერუდიტში" სტუმრობა შევთავაზე, მიპასუხა: შეხვედრას დღეს თუ მოვასწრებთ, თორემ ხვალ ლონდონში მივფრინავ და სექტემბრამდე ვერ ჩამოვალო. "სანო სტუდიაში" ერთმანეთს დათქმულ დროს შევხვდით. სანამ რუბრიკის კითხვარზე გადავიდოდით, ვთხოვე, "ლონდონური გეგმის" შესახებ მოეთხრო.


ნოდიკო:

- ლონდონში არის ვოკალის შემსწავლელი ინსტიტუტი, სადაც 2 წლის წინ წერილი მივწერე, რომ იქ სწავლის სურვილი მქონდა და იქიდან მიწვევაც მივიღე. ბუნებრივია, პირობებსაც გავეცანი. მოგეხსენება, ლონდონში სწავლა და ცხოვრება ძვირი სიამოვნებაა; ამიტომ ფინანსური პრობლემის გამო, 2 წლის განმავლობაში, იქ გამგზავრება ვერ მოვახერხე. ახლა კი ყველაფერი გვერდით გადავდე და საკუთარ თავს "საჩუქარი" გავუკეთე. ჩავალ თუ არა, ენის შემსწავლელ კურსებზეც შევალ... ვოკალის კურსის დამთავრების შემდეგ ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში უნდა ვიმღერო, ბენდი დამიკრავს და... ბედნიერი ვარ.

- ვინ იქნებიან შენი პედაგოგები, იცი?
- იმ ინსტიტუტში მასტერ-კლასებს ყოველთვის ვარსკვლავები ატარებენ. წელს ვინ ჩაატარებს, ჯერჯერობით არ ვიცი. სავარაუდოდ, ცნობილი ჯაზმენები იქნებიან.

- სპონსორი იპოვე თუ საკუთარ თავს თავად აფინანსებ?
- ყველაფერი თავად მოვაგვარე, რადგანაც ჩემი პროფესიული ზრდისთვის ეს აუცილებელია. ასეთი შემთხვევები ახალგაზრდა კაცმა ხელიდან არ უნდა გაუშვა.

- წარმატებას გისურვებ და აქვე გკითხავ, თბილისში დაბრუნების შემდეგ რა გეგმები გაქვს?
- დაგეგმილია ჩემი ახალი ალბომის გამოშვება, რომელშიც 12 სიმღერაა შესული. შემოდგომაზე მექნება კლიპის პრემიერაც, რომელიც "სანო სტუდიაში" ჩავწერე. სიმღერაზე, რომელსაც ჰქვია - "ყველაფერი კარგად არის", კლიპი ზურაბ მენთეშაშვილმა გადაიღო. ცოტა არასტანდარტული გამოვიდა, გემოვნებით გაკეთებული ანიმაციაა.

ნოდიკოს არაერთი საყვარელი ავტორი ჰყავს. ლიტერატურული ჟანრებიდან რომანები და ტრაგედიები იზიდავს. ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც წიგნის ფასი კარგად იცოდნენ. ძალიან უყვარს გალაკტიონის, ვაჟა-ფშაველას, ტერენტი გრანელის შემოქმედება. თანამედროვე ავტორებიდან რატი ამაღლობელი მოსწონს. იმასაც მიმხელს, რომ სკოლაში დიდი ხნის მანძილზე ერთ გოგოზე იყო შეყვარებული. რატის აქვს ლექსი, რომელშიც ერთი სიტყვაა გამოტოვებული და შეგიძლია, შენთვის საყვარელი ადამიანის სახელი ჩაწერო... ამბობს, რომ ზეპირად ბევრი ლექსი იცის, ყველაზე ბევრი კი გალაკტიონის.

- ახლა რომელი ლექსი გახსენდება, რომლის წაკითხვის ხასიათზე ხარ?
- ("ახსნა" და იწყებს) "ღამეს ელვარე დღე შეუცვლია/ თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,/ ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია, / დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი./ რისთვის მიყვარხართ? მე არ მაქვს ნება!/ მაგნაირ გულით და სინაზეთი.../ არის ამქვეყნად დაგვიანება!/ მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?/ არის ამქვეყნად ვერხვი და სვია,/ არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით,/ ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია,/ ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!"

- რაკი ლექსს ასე უშეცდომოდ ჰყვები, როგორც ჩანს, კარგი მეხსიერება გაქვს...

- არა, კარგი მეხსიერება ნამდვილად არ მაქვს. უბრალოდ, რაც ძალიან მომეწონება, თავისთავად მამახსოვრდება. სკოლაში მყავდა მშობლიური ენის და ლიტერატურის არაჩვეულებრივი პედაგოგი - ლალი ნასყიდაშვილი, მან არა მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.

- ლონდონში რომელიმე წიგნის წაღებას ხომ არ აპირებ?
- ჩემი დაც ლონდონში სწავლობს. პროფესიით ფილოლოგია, გალაკტიონთან მან "დამაახლოვა". მთხოვა, რომ ოთარ ჭილაძის წიგნები წავუღო, ამ ავტორზე გიჟდება. თხოვნას აუცილებლად შევუსრულებ...

- დროა, კითხვარზე გადავიდეთ.
- სიმართლე გითხრა, ცოტათი ვღელავ.

- რომელი უცხოური სიტყვა წარმოიშვა ფრანგული სიტყვისგან "არგო", რომელიც მოპარულ ენას ნიშნავს?

- ვაიმე! აბა, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ), ჟარგონი, სწორად ვამბობ?

- დიახ. ცნობილმა ავტომრბოლელმა შუმახერმა მონაწილეობა მიიღო შემდეგი ლოზუნგის პროპაგანდაში: "10 წამი, რომელმაც შეიძლება, გადაარჩინოს თქვენი სიცოცხლე". რაში უნდა დაიხარჯოს ეს 10 წამი?

- ღვედის შეკვრაში.

- რას უწოდებენ ფშავში ახალდაქოწინებულებს?
- არ ვიცი.

- ახალყოილნი. სად ზეიმობენ ათენგენობას?
- ხევსურეთში.

- და ფშავში. მხატვრობაში ერკვევი?
- კარგის და ცუდის გარჩევა შემიძლია.

- ეს მხატვარი 1452 წლის 15 აპრილს ფლორენციასთან ახლოს, დაბა ვინჩიში დაიბადა. მარცხენა ხელით წერდა და ხატავდა. მან თავის ეპოქას გაუსწრო, ის იყო მხატვარი, მეცნიერი, მექანიკოსი, ხუროთმოძღვარი, გამომგონებელი, მწერალი... დაასახელე ვისზეა ლაპარაკი?
- (ფიქრობს) ვერ ვიხსენებ.

- მისი დაბადების ადგილი არაფერზე მიგანიშნებს?
- ლეონარდო და ვინჩიზე ამბობ?

- რა თქმა უნდა. რა პროფესიის იყო შერლოკ ჰოლმსის თანაშემწე უოტსონი?
- არ მახსოვს.

- ექიმი. სად დაიწერეს ჯვარი ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა?
- თუ სწორად მახსოვს, თბილისში, სამების ტაძარში.

- დიახ. დიდი ბრიტანეთის გარდა რომელ ქვეყანაში იყო პერი უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელთა წოდება?
- არ ვიცი.

- საფრანგეთში. დაასახელე ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი, რომლის ნაშრომი შეიცავს უხვ ცნობას ძველი იბერიის შესახებ.
- სტრაბონი.

- ისტორიას კარგად სწავლობდი?

- სკოლა 5-ებზე დავამთავრე. ისტორია ჩემი საყვარელი საგანი იყო. შესაბამისად, კარგადაც ვსწავლობდი.

- ჰოდა, ეს კიდევ ერთი კითხვით გადავამოწმოთ. რომელი მეფე იყო დემეტრე II თავდადებულის მამა?
- დავით ულუ. საქართველოში ორმეფობის პერიოდზე შემიძლია, ბევრი რამ გიამბო. იმასაც გეტყვი, დავით ულუ ლაშა-გიორგის შვილი იყო. ულუ იმიტომ უწოდეს, რომ მეორე დავითზე (რუსუდანის ძეზე) უფროსი იყო.

- ქრისტიანული მსოფლმხედველობით მაცხოვრის მიერ 7 საიდუმლოებაა დაწესებული...

- ნათლისღება, მირონცხება, მღვდლობა, სინანული, ზიარება, ზეთის კურთხევა, ქორწინება.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- არც არაფერი. ეს ის თემაა, რომელზეც ყველაზე უინტერესო მოსაუბრე ვარ. შეყვარებული არ მყავს. ისე, მსუბუქი ფლირტი, გატაცება, მოწონება, რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც არის.

- "სიბერის საკვები სიბრძნეა. იმოქმედე სიჭაბუკეში ისე, რომ სიბერე შიმშილით არ გაგიმწარდეს", - ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი?
- არ ვიცი.

- ეს მხატვარი უკვე ვახსენეთ.
- ლეონარდო და ვინჩი.

- ბიბლიის მიხედვით, რომელ ქალაქში გაატარა ბავშვობა იესო ქრისტემ?
- ნაზარეთში.

- დაასახელე შუა საუკუნეებში გავრცელებული წიგნი მაგიის შესახებ, რომლის ავტორი იყო ისრაელთა ბრძენი მეფე სოლომონი?

- არ ვიცი.

- "სოლომონის გასაღები". სად და რომელ წელს შეიქმნა ინტერპოლი?
- ვიცი, რომ ვენაში შეიქმნა, მაგრამ არ ვიცი, ეს რომელ წელს მოხდა.

- 1923 წელს. რომელ ქვეყანაშია მდინარე პო?

- მგონი, იტალიაში. არა?

- დიახ. ხალხური სიმღერის რომელ ჟანრს განეკუთვნება "ალილო" - საწესოს, სუფრულს, საფერხულოს თუ საგმიროს?
- საწესოს.

- დაალაგე მამაკაცთა სასიმღერო ხმები მაღლიდან დაბლისკენ - ბარიტონი, ბანი, ტენორი.
- ტენორი, ბარიტონი, ბანი.

- რომელი ქვეყნიდან არიან წარმოშობით ბოშები?

- ვერ გიპასუხებ.

- ინდოეთიდან. რა არის რიფი?

- წყალქვეშა კლდე. ვიცი, რომ ავსტრალიის აღმოსავლეთ მხარეს წყალქვეშ ბევრი რიფია და საშიში ადგილია.

- რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი: "ამან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული".
- ფარნავაზზე.

- რა ერქვა გულივერს?

- არ მახსოვს.

- ლეუმელი. რომელი ჯირკვლის ამოკვეთა ხდება გლანდების ოპერაციის დროს?

- გლანდების (იცინის) სამედიცინო ენაზე არ ვიცი, რა ჰქვია.

- ნუშისებრი ჯირკვალი. რა ეწოდებოდა ძველბერძნულ თეატრში მუსიკოსებისათვის განკუთვნილ ადგილს?
- არ ვიცი.

- ორკესტრი.

- მართლა? პირველად მესმის.

- როგორი ორკესტრი არ არსებობს - სიმფონიური, სასულე, საორღანე, ხალხურ საკრავთა თუ საესტრადო?

- საორღანო.

- რომელი მთების სახელწოდების მიხედვით ეწოდა მთამსვლელობას ალპინიზმი?

- ალპების, ძნელი მისახვედრი არ არის.

- მთამსვლელობა თავადაც ხომ არ გიტაცებს?

- არა. მე "შემოქმედებითი მწვერვალების" დასაპყრობად ვიბრძვი.

- წარმატებას გისურვებ. შემდეგი კითხვა ასეთია: - ქართული კლასიკური ოპერის თარიღად 1919 წელი მიიჩნევა, რომელი ოპერა დაიდგა ამ წელს?
- "აბესალომ და ეთერი", არა?

- დიახ. რა ეწოდება დედამიწის წყლის გარსს?

- ვერ გიპასუხებ.

- ჰიდროსფერო. რა ეწოდება ადამიანის ხასიათის გარჩევას მისი ხელნაწერის მიხედვით?

- არც ეს ვიცი.

- გრაფოლოგია. რომელ კონტინენტზეა კორდილიერების მთები?
- ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.

- "საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე/ მამულზე ფიქრი, ხანდახან გულში ღიმილით ვიტყვი:/ - რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,/ მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!/ - რომელი მეფე ერეკლე მე ვარ?/ ანდა, რომელი მსაჯული მისი!/ პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა,/ ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, -/ იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად - ღალატიაო ამგვარი ფიქრი!" ვინ არის ამ ლექსის ავტორი?
- ძალიან მომეწონა, ნაცნობი ხელწერაა. ორ პოეტზე ვფიქრობ, რომ არ შევცდე, იქნებ მინიშნება მითხრა.

- ეს პოეტი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
- მუხრან მაჭავარიანი.

- ძველჰიმალაელ დურგლებში არსებობს ახალგაზრდა ოსტატთა გამოცდის ასეთი წესი: მოსწავლეს ესვრიან ხის ნაჭერს. რა უნდა ქნას მან დაჭერამდე?

- არ ვიცი.

- ხის ჯიში უნდა განსაზღვროს. რომელ ქვეყანაში არ არის მსოფლიოს უმაღლესი ჰიმალაის მთათა სისტემა - ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში თუ ავღანეთში?
- ავღანეთში.

- რამდენი პლანეტა მოძრაობს მზის გარშემო?
- 9.

- დაბოლოს დაასრულე ინგლისური ანდაზა: - "მამა განძია, ძმა საყრდენი, ხოლო მეგობარი...
- მეგობარი - იმედი.

- "...ხოლო მეგობარი - ორივე ერთად".


თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)










კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1520 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar