მთავარი » 2010 » აგვისტო » 21 » ლადო ასათიანის ლექსი(ნაწ.3)
1:59 PM
ლადო ასათიანის ლექსი(ნაწ.3)
— სიტყვა და საქმე ერთი მაქვს, ჩვეული არ ვარ ცრუ ქადილს, —

ეთქვა რა, თავის მხედრობა წამოეყვანა ნუქარდინს.

ბასიანს იდგა ბანაკად, რიცხვით რამდენი, ვინ იცის,

იდგა და გასალაშქრებლად ემზადებოდა დილისთვის…

დილაც გათენდა და თეთრად კარვებზე დასხდნენ ნისლები,

ჯერ კიდევ სძინავს სულთანსა თავისი დარბაისლებით, —

გალაღებულა უგნური, რა დღე მოელის, არა სჯის,

კარვების არემარეში ერთიც არ ფხიზლობს დარაჯი.

ქართველი ჯარის სარდლებმა მარჯვე შემთხვევა იხელთეს

და ცხენოსანი რაზმებით მწყობრად დაიძრნენ იქეთკენ.

ცოტახანს წყნარად ვიდოდნენ, მოკლედ იჭერდნენ აღვირთა,

მაგრამ, როდესაც სულთანის ბანაკში კაცი აყვირდა:

„წამოდექითო, მხედრებო, სპა დაგვესხაო ურიცხვი,” —

სოსლანმა ჯარებს მიმართა:

— “სამშობლო ქვეყნის გულისთვის”!

ხმალი იშიშვლა, ლაშქარში გადაერია ქვაგული.

ცეცხლს ყრიდა ბუნჯგალ-ბუნჯგალსა მისი ფოლადის ფრანგული.

ცალკერძ მხარგრძელმა დასჭექა, ცალკერძ თორელმა დასძახა

და გულმკერდგახურებულნი მტერს მიეახლნენ მხარდამხარ.

წამოიშალა სულთანის ბანაკი ციებ-ცხელებით,

შეირტყეს ისარ-კაპარჭი, შეათამაშეს ცხენები.

შეუზახნეს და შეიბნენ, ომი სად თქმულა ასეთი: —

ილეწებოდა ფოლადი, უჭედელი და ნაჭედი.

დასცხეს ერთმანეთს ისრები და წაუშინეს წათები.

— ჩაფხუტი ჩამოიწიე, თორემ უომრად წახდები! —

გასძახა ახალციხელმა შალვამ თავის ძმა ივანეს,

როცა სულთანის კაცები გაცოფებულნი მივარდნენ.

მაგრამ ხმლის ორი ელვა და — დაეცნენ მოძალადენი.

სისხლის მდინარემ წაიღო მათი ფარ-მუზარადები.

კალთამდე შემოაფხრიწეს შალვას ავაზის ტყავ-კაბა,

როცა ძმის მისაშველებლად ცხენ-კაცთა ტევრი გაკაფა,

ომი გაგრძელდა… გაძნელდა… ფოლადს სცვივოდა ტალები.

ამოიხაფრა ჰაერი ნამსხვრევი შუბის ტარებით;

მოითარეშა სიკვდილმა სიცოცხლის გასაგისები.

ყოველი მხრისკენ აფრინა სისხლით დამთვრალი ისრები.

აგერ შეიბნენ ორ-ორნი -

ურთერთს ახეთქეს ჰოროლი.

ეგერ ვეფხვივით გაქანდა მხედარი შეურიგალი,

მას ასათიძე გრიგოლი შემოხვდა როგორც გრიგალი.

გულში გაურჭო მახვილი, “ვაჰმე, დედაო” - იძახდა.

ცეცხლწაკიდებულ გორაკზე

დასტა იბრძოდა ყივჩაღთა.

წამოიშალნენ ტალღებად მძვინვარე სისხლის ღვარები

და გაიტაცეს ცხენდაცხენ ივანე ციხისჯვარელი.

და რაი ნახეს, რომ რაინდს გზა-კვალი გაუტიალდა,

აღმართეს იქცევისები მათ თურქთა ჩაფხუტიანთა,

ერთმა ახმახმა შორიდან ისრით გაუპო გმირს წარბი,

მაგრამ მიუხტა ივანე გასაოცარი სისწრაფით

და ისე დაჰკრა კეფაზე ხანჯალი გაუღუნველი,

რომ ტვინი მისი ჰაერში ავარდა, როგორც ღრუბელი.

და მერე, როცა მკლავმარდი წამოეშველა გაგელი,

ერთად ეკვეთნენ უკეთურთ მამულის მოამაგენი.

მუსრეს და მუსრი გაავლეს… მოკლულთა დადგა ჯებირი.

მაინც ვერ გაძღა ბრძოლითა მარჯვენაწარბგაჩეხილი.

ომი გაგრძელდა… გაძნელდა…

ჭენებით განახელები,

წინმბრძოლ სპასალარ-სპასპეტთა ყველას მოუკლეს ცხენები.

დაიქვეითეს მაშინვე სხვა დანარჩენმა ვაჟებმა

და სარდლებს გვერდში დაუდგნენ რიგების გასაკაჟებლად.

— ცხენოსანებო, ისმინეთ, ეს მე გიბრძანებთ თვითეულს,

მარცხენა მხრისკენ მობრუნდით, უტიეთ დაქვეითებულთ!—

ბრძანა სოსლანმა და ჯარი მოატრიალა მხარმარცხნივ, —

— ქვეითნო, მარჯვნივ სასწრაფოდ,

თორემ უომრად დავმარცხდით, —

ხმა მიაწვდინა მხარგრძელმა არევ-დარეულ ქვეითთა,

ჯარი ერთ ხაზზე გაეწყო და ომი ისევ შენივთდა,

ისევ შეიქნა მტრის თავზე ფხიანი ხმლების ჯახება,

შეშინებულმა სულთანმა იკადრა უკან დახევა.

ისევ მიმართეს სარდლებმა მრავალგზის ნაცად ჯევარდნებს

და ნუქარდინის ლაშქარში ისე გულდაგულ შევარდნენ.

გასკდა მტრის ჯარის სიმრავლე,

მტვრის ბუქი დადგა სვეტებად,

გაუგონარი რამ იყო უკანასკნელი შეტევა!

ბევრ ვაჟკაცს გადაეფარა წყვდიადი შავი სამარის,

სირცხვილნაჭამმა სულთანმა მოჰკურცხლა თავის ამალით.

უკან დაედვნენ ქართველნი კაფვით, ხანჯლების კისკასით:

- მეორედ აღარ გაბედოთ შემოჭრა ქართლის ჭიშკარში!

7

გათავდა ომი თუ არა, ერთად შეგროვდნენ ჯარები,

მხრებზე შვენოდათ მშვილდები და შუბლზე —ნახანჯლარები.

მკვდრებით მოფენილ მინდორზე სიო არ ჰქროდა არსაით,

მუზარადი და ჩაჩქანი ეყარა რიყის ქვასავით.

ზოგან მოჩანდა მხედარი, ხმლით გაკვეთილი ორადა,

ზოგან დაჭრილი კვნესოდა და სისხლის ღვარი ბოლავდა.

როგორც ტყე შემოდგომისა ფოთლის ყვითელი ფოჩებით

იდგნენ ხელჩართულ ბრძოლაში ნაალაფარი დროშები.

— მალემსრბოლიო ! —

მხარგრძელმა, მხედრებმა მხარგრძელს შესძახეს

და ერთი რჩეულთაგანი

გაქანდა ოძრახესაკენ

ჯარის წინ სახელოვანი სარდლობაც გამომზიანდა.

გახსნეს შეკრული თვალ-წარბი, ფარებს დაეყრდნენ ზვიადად.

წინ გადაშლოდათ საკუთარ მარჯვენით ნაპარტახევი,

მზეზე ელავდნენ ლომკაცთა ფოლადის ჩაბალახები.

უცებ სად იყო, სად არა… გაშეშდნენ გაკვირვებითა —

არწივთა გუნდი აფრინდა არაქსის ნაპირებიდან.

ჯერ გაჰკრეს, გაინავარდეს, მზის შუქში გაფერნაირდნენ,

და მერე მსხვილი ჭანგებით მხრებზე დაასხდნენ რაინდებს.

ამირანივით მოჩანდა მუზარადიან ტოლებში

ძლიერად მბრძოლი მებრძოლი, ბატონ-პატრონი ლორესი.

თამარის თანამეცხედრე, თვით მეფე გვირგვინოსანი —,

ზერდაგზე იჯდა ბეჭბრტყელი, შიშშეუვალი სოსლანი

და გაეშალა ლაჟვარდში ისე, ვით ლომის ფაფარი,

გორგასლიანი ალამი — ვაჟკაცთა თავშესაფარი.

ჯარი ძველ ლაშქრულს მღეროდა, ებანებოდა ტყე-ველი

და საქართველო იდგა ვით გოდოლი შეურყეველი.

.



კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 1455 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar