მთავარი » 2010 » აგვისტო » 21 » ლადო ასათიანის ლექსი(ნაწ.1)
1:57 PM
ლადო ასათიანის ლექსი(ნაწ.1)
დედაქალაქში მოვიდა დესპანი გამოჩენილი,

ნუქარდინს გამოეგზავნა თამარისათვის წერილი.

ენისგან უთქმელს, უკადრისს იწერებოდა მურდალი:

“მე, იკონიის სასულთნოს სახელოვანი სულთანი.

გამცნობ ქართველთა მეფესა (მეფეთა გადამჯეგელი),

რომ დედაკაცი ყოველი არის შენსავით რეგვენი.

იქამდი როგორ ამაღლდი, ან ისე როგორ გალაღდი,

რომ დღეს სუყველა გმორჩილებს, ვისაც მონებდი მანამდი,

რომ ქვეყანაზე გაისმის შენი ჯარების გნიასი!

ლამის სირცხვილით დავიწვათ, თავზე გვაზიხარ დიაცი!

ან რა უფლებით გაბედე ხელში იმ ხმალის დაჭერა,

რომელიც დიდმა ალაჰმა მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა,

მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა და ვით იქნება, ასპიტო,

რომ იმით ქრისტიანებმა მუსულმანები გაწყვიტონ.

მუსულმანები გაწყვიტონ და პირჯვრის გადასახვამდი

აჰკრიფონ გაუგონარი ბეგარა-გადასახადი!

ჰოდა, რადგანაც საკუთარ ბუნაგში აღარ ჩერდები,

ახლა მე შენზე მოვდივარ ჩემი მამაცი მხედრებით.

გამომიწვრთნია ომისთვის მშვიდობას შეუჩვეველნი,

წინ მანქანები მომიძღვის, სიმაგრეების მნგრეველი,

უნდა იმგვარად დავლეწოთ თქვენთა ციხეთა ბურჯები,

რომ ხორნაბუჯში ხორნაბუჯს ეძებდეს ხორნაბუჯელი,

რომ დაგავიწყდეთ მარადის ლახვარ - მახვილის აღება,

რომ მზეს კვლავ ვეღარ შესცინოს ქართულმა ბაირაღებმა.

მაგრამ, უგბილო დიაცო, თუ ჩემი ჯარის მოსვლამდი

შენს რჯულს უარყოფ, რომელსაც მუდამ დიდებით მოსავდი,

მაჰმადიანი გახდები, კარავში გამოცხადდები,-

შეგიწყალებ და შეგინდობ, სულაც არ გაგიცხარდები.

ეს მხოლოდ შენთვის ლამაზო, სხვას არვის ვაძლევ არჩევანს,

ისე დავანგრევ ქვეყანას, მთხრობელიც აღარ დარჩება!”

2

ცას ჰგავდა ვარსკვლავიანსა სამეფო სახლის თავანი.

ტახტზე დიდბუნებოვანი შვენოდა მეფე თამარი.

სულთანის გამოგზავნილი ხელში ეჭირა წერილი ―

დიდი ტრიალი მინდორი, ცხენთაგან გადათელილი.

წინ ელჩი იდგა, დაღლილი მგზავრობის დავიდარაბით

(სარკმლიდან ჩანდა, ეზოში ლომებს აჭმევდა არაბი).

ბატონკაცური დუმილით დუმდა დიადი დარბაზი.

წითელი ოქრო გინდოდა, თუ ზღაპრად თქმული ალმასი!

მდიდრულ კედლებზე ელავდა ინდოეთი და ელადა

და სტავრა არაბეთისა ცეცხლის ალივით ღელავდა…

ეს ნაკადული ნანაობს თუ ყანა ნათავთავარი! —

სულთანის წერილს კითხულობს შუბლშეჭმუხვნილი თამარი.

“ნეტავი დღესვე მიბრძანოს ურჯულოებზე თარეში”, —

ფიქრობს მხარგრძელი და თავის

პატრონს შეჰყურებს თვალებში.

მიწყდა ხმა ნაკადულისა — მეფემ გადადო წერილი

და ელჩისაკენ მიბრუნდა შველივით ყელმოღერილი:

— სხვას კიდევ რაღას გვიბრძანებს სახელოვანი ნუქარდინ,

ჯერ არც კი ამხედრებულა, ქვეყანა შესძრა მუქარით.

— სხვა, ესეც შემოგითვალათ:

“თუ რჯულს დასტოვებს თამარი,

შევინდო, ცოლად შევირთო, ვუბოძო საქმრო ქამარი,

მაგრამ თუ ასე არ იზამს, მტერი ყოფილა თავისა,

რჯულს ძალით შევაცვლევინებ და მერე ხასად დავისვამ! … “

სისხლი მოაწვა მხარგრძელსა, გული ქარ-ცეცხლით აევსო,

ერთი ხმამაღლა შეჰკივლა: — რა სიტყვით სწამლავ ჰაერსო.

და პატრონივით ენაბილწს სილა გააწნა ისეთი,

გონდაკარგული დაასკდა იატაკს ეშმაკისერთი.

წარბები შეჰკრა თამარმა — რად მოეპყარო უშვერად?!

— თავსაც მოვჭრიდი, მეფეო, მაგრამ ელჩობამ უშველა.

რაინდი მეფის ძვირისმთქმელს ბევრს როდი ალაპარაკებს, —

დილეგში წაიყვანეთო! — კუშტად უბრძანა არაბებს.

ფეხზე წამოდგა მნათობი, მეფეთა მეფე თამარი.

ამირსპასალარს მიმართა: საზრუნავი გვაქვს მთავარი,

მტრის ღირსეულად დახვედრა ნუ გვეგონება ადვილი,

ამაღამავე მოვაწყოთ დიდებულების თათბირი.

გადაწყდეს, სეფე ჯარს ვენდოთ, თუ ქუდზე კაცი შევყაროთ,

რომ თურქმა შემოსეულმა ბოლოს ვერ დაიმკვეხაროს,

თორემ ტვინამღერებული ქვეყანას საფრთხეს უქადის.

გმირულად, მამაპაპურად დავხვდეთ სისხლისმსმელ ნუქარდინს.

— ნება შენია, მეფეო! - დინჯად ეტყოდა მხარგრძელი, —

ომი მომწყურდა, ამ ქვეყნად უომრად ვეღარ გავძელი.

დარბაზის ერი მოვიხმოთ და ასჯერ განსჯილ ბრძანებით,

ბრძოლის ველისკენ ვაფრინოთ ჩვენი სამშობლოს ჯარები. —

ომი უნდოდა მხარგრძელსა, ჯაჭვის პერანგის მორგება,

ვაჟკაცსა სახელიანსა ისე არ დაედგომება…

წინ ჩაუქროლეს განვლილმა, გაცივებულმა ომებმა.

ეზოში ზარბაზნებივით დაიღრიალეს ლომებმა.

.



კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 1538 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar