მთავარი » 2010 » აგვისტო » 21 » interviu merab topuriastan
1:52 PM
interviu merab topuriastan
– ბატონო მერაბ, ამჟამად აბიტურიენტებს ყველაზე მეტად კონკრეტულ ფაკულტეტებზე არსებული კონკურსი აინტერესებთ. როდის გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი?

– იმისათვის, რომ ზუსტად დადგინდეს, რამდენმა აბიტურიენტმა გააკეთა განაცხადი ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებლის ფაკულტეტებზე, უნდა დასრულდეს მონაცემების დამუშავება. ჯერჯერობით მიმდინარეობს ბაზის შექმნის პროცესი, რომელსაც გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება.

– ამ დროისათვის ალბათ ცნობილია აბიტურიენტების მიახლოებითი რაოდენობა 2007 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის..

– წელს დაახლოებით 40 ათასი აბიტურიენტი გვეყოლება. აბიტურიენტთა ასეთი რაოდენობა არც 2005 წელს და არც შარშან გვყოლია.

– ხომ არ შექმნის აბიტურიენტთა რაოდენობა სირთულეებს ადმინისტრირების პროცესში?

– აბიტურიენტებს გამოცდების პერიოდში არანაირი სირთულე არ შეექმნებათ – გამოცდების ეროვნული ცენტრი მზადაა მიიღოს აბიტურიენტთა მაქსიმალური რაოდენობა და უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაბამის დონეზე, ხარვეზების გარეშე ჩატარება.

– წელს სტუდენტებიც იბრძოლებენ დაფინანსების მოპოვებისა თუ გაუმჯობესებისათვის. რამდენი სტუდენტია რეგისტრირებული?

– სტუდენტების რაოდენობა 10 ათასს აღწევს. ისინი, როგორც იცით, მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ მათ მხოლოდ თბილისის საგამოცდო ცენტრებში განვათავსებდით, მაგრამ რაოდენობის გათვალისწინებით ოპტიმალურად მივიჩნიეთ მათი სხვა საგამოცდო ქალაქებში განაწილებაც. განაწილებისას გათვალისწინებული იქნება რეგისტრაციის ადგილი.

– აბიტურიენტების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად გაიზრდება საგამოცდო სექტორების რაოდენობა. მეთვალყურეების რაოდენობის გაზრდას ხომ არ აპირებთ?

– რაც შეეხება მეთვალყურეებს, ამ ეტაპისათვის გაწვრთნილი მეთვალყურეების რაოდენობა სრულიად საკმარისია წლევანდელი კონტინგენტისათვის. გარდა ამისა გვყავს ე.წ. სარეზერვო ჯგუფებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით წვრთნას გაივლიან. ასე რომ, რაიმე სირთულე არც ამ მხრივ არსებობს.

– გამოცდების დასრულების შემდეგ აბიტურიენტები და მათი მშობლები ყველაზე მეტად შედეგების გამოცხადებას ელიან. გასწორების პროცესს არც თუ ცოტა დრო სჭირდება. წელს უფრო დიდხანს ხომ არ მოუწევთ ცდა?

- უნდა ითქვას, რომ ჩვენი მიზანი ნაშრომების არა მალე, არამედ მაქსიმალურად ობიექტურად გასწორებაა და ამას სწორედ აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. გასწორებისას აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ნამუშევრის ანონიმურობაც. ყველა ამ მოთხოვნის დაცვით კი გასწორების პროცესს გარკვეული დრო სჭირდება.

.



კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1097 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar