1:51 PM interviu maia miminoshviltan | |
ქალბატონო მაია, რეგისტრაცია 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უკვე დაიწყო. რა სიახლეებს სთავაზობთ წელს აბიტურიენტებს? რეგისტრაციის პროცესი 5 თებერვალს დაიწყო და 20 მარტს დასრულდება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი პერიოდია აბიტურიენტებისათვის და, ცხადია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო საბუთები დროულად უნდა წარადგინონ რეგისტრაციისათვის ან ანკეტა ყურადღებით შეავსონ – ახალგაზრდები ხომ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ – ირჩევენ პროფესიას, სფეროს, რომელსაც მთელ თავიანთ ცხოვრებას დაუკავშირებენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახლობლების, ოჯახის წევრების რჩევები, მაგრამ გადაწყვეტილება აბიტურიენტმა უნდა მიიღოს. ანუ, შესაძლებელია აბიტურიენტმა მიუთითოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტი განსხვავებული საგნობრივი ნაწილებით? დიახ, ასეთი შესაძლებლობა აბიტურიენტებს აქვთ, რადგან შეიძლება მათ მიერ არჩეული ფაკულტეტები ამ ტესტს სხვადასხვა საგნობრივი ნაწილებით ირჩევდნენ ამ გამოცდას. თუ აბიტურიენტი მიუთითებს ტესტს სხვადასხვა საგნობრივი ნაწილებით, მას საგამოცდო დრო დაემატება. წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც გაიზარდა... დიახ, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრა 25 ქულით ყველა გამოცდისათვის, გარდა უცხოური ენებისა (აბიტურიენტმა უნდა მიიღოს 26 ქულა, რომ გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა) და 20 ქულით უცხოური ენებისათვის (აბიტურიენტმა უნდა მიიღოს 21 ქულა, რომ გადალახოს ზღვარი). რატომ განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულად ქულების ამ რაოდენობით? 4 წლის მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომელბიც 26 ქულაზე ნაკლებს იღებდნენ, უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა ჩაჭრილების რაოდენობისგან, ანუ სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა ცხადად დაგვანახა, სად გადიოდა რეალური ზღვარი. ეს იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვრის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სახელმწიფო დაფინანსება კვლავ ზოგადი უნარების ქულის მიხედვით გაიცემა? სახელმწიფო დაფნანსების გაცემის წესი არ შეცვლილა. სახელმწიფო გრანტი წელსაც ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების მიხედვით გაიცემა და დაფინანსება კვლავ იქნება სრული და ნაწილობრივი. უცხოეთში მყოფი აბიტურიენტები როგორ გაივლიან რეგისტრაციას? რეგისტრაციის ვადა საზღვარგარეთ მყოფი აბიტურიენტებისთვისაც 20 მარტამდეა. მთ შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნონ ინფორმაცია ან მათი ოჯახის წევრებმა მიაკითხონ სარეგისტრაციო პუნქტებს. ცხადია, ჩამოსვლის შემდეგ, საგამოცდო ბარათის აღებამდე, ეს აბიტურიენტები კიდევ ერთხელ დაამოწმებენ ფოსტით გამოგზავნილ ან ახლობლების მიერ წარმოდგენილ განაცხადს. შეიცვალა თუ არა საგამოცდო ტესტები და ხომ არ იქნება წელს გამოცდები უფრო რთული, ვიდრე წინა წლებში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდის ფორმატთან დაკავშირებულ ცვლილებაზე უკვე ვისაუბრეთ, რაც შეეხება დანარჩენ გამოცდებს, ტესტები იქნება საშუალო სირთულის, ისევე როგორც წინა წლებში. ტესტური დავალებების ნიმუშებისა და საგამოცდო პროგრამების გაცნობა აბიტურიენტებს შეუძლიათ კრებულების – „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის“ – მეშვეობით, რომლებიც ყოველწლიურად გამოდის და აბიტურიენტებისათვის მნიშვნელოვან რჩევებსა და რეკომენდაციებსაც შეიცავს. წელს თუ გაქვთ დაგეგმილი ასეთი შეხვედრები? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებთან, პედაგოგებთან შეხვედრები და ცხადია, წელსაც ვგეგმავთ ასეთ შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში. ამ შეხვედრებზე გვეძლევა საშუალობა კიდევ ერთხელ ვუპასუხოთ აბიტურიენტებსა და მათ პედაგოგებს კითხვებზე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენც მივიღოთ მათგან ჩვენთვის საინტერესო და ყურადსაღები ინფორმაცია. . .
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |