მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » რომის სენატი
8:34 PM
რომის სენატი
რომის სენატი (ლათინურად - Senatus) იყო რომის რესპუბლიკის და იმპერიის პერიოდში მართვის მნიშვნელოვანი ორგანო. სიტყვა senex ლათინურად ნიშნავს უხუცესს. თავდაპირველად სენატი სწორედ უხუცესთა საბჭო იყო, ხოლო მოგვიანებით მან ბევრად ფართო მნიშვნელობა შეიძინა.

.ცივილიზაციის დასაბამიდან დღემდე არსებულ მმართველ ორგანოებს შორის რომის სენატმა ყველაზე დიდხანს იარსება, მისი შექმნის შესახებ ზუსტი ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება, მაგრამ თქმულებების თანახმად იგი რომის დასაბამიდან არსებობდა. სენატმა თავისი ფუნქციები დაკარგა მხოლოდ III-IV საუკუნეების მიჯნაზე, პრინციპატის დომინანტით შეცვლის შემდეგ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახეცვლილმა სენატმა რომის იმპერიის აღსასრულამდე იარსება. ამრიგად საერთო ჯამში სენატმა იარსება დაახლოებით 1229 წელიწადი. ამ დროის განმავლობაში სენატის სახე და ფუნქციები არაერთხელ შეიცვალა.

.თქმულების თანახმად, სენატი შეიქმნა რომის დაარსებისთანავე. რომულუსმა, რომის ლეგენდარულმა დამაარსებელმა, შექმნა საბჭო 100 უხუცესი მოქალაქისგან, რომლებსაც მამები - პატრიციუსები ეწოდათ. სენატორები ასრულებდნენ მეფის მრჩევლების როლს, ხოლო მეფის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მეფის არჩევა მათ კომპეტენციაში შედიოდა.

რომულუსის მიერ საბინელთა შემოერთების შემდეგ, სენატი შეივსო საბინელი უხუცესებით და სენატორთა რაოდენობა 200 გახდა. თქმულების თანახმად სენატორებმა პირველი რეპრესიები ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსის მეფობის პერიოდში განიცადეს. ტარკვინიუსმა თავისი წინამორბედის, სერვიუს ტულიუსის მომხრე სენატორები გაწყვიტა.

.მონარქიის დამხობის შემდეგ სენატის მნიშვნელობა უფრო გაიზარდა, იგი ჯერ კიდევ მცირე რომის სახელმწიფოში ასრულებდა საკანონმდებლო ხელისუფლების როლს. ლუციუს იუნიუს ბრუტუსმა სენატის შემადგენლობა 300 კაცამდე გაზარდა. იგი აკონტროლებდა სახალხო კრებების მუშაობას, იღებდა მათ მიერ შემოთავაზებულ კანონებს ან უარყოფდა. სენატორთა წრიდან ხდებოდა მაგისტრატუსების არჩევა.

რომის სენატი და ხალხი

საშინაო პოლიტიკის საკითხების გარდა სენატი საგარეო პოლიტიკასაც მართავდა. სენატის ფუნქციებში ფინანსებზე მეთვალყურეობაც შედიოდა. ამის გარდა სენატი იღებდა და აუქმებდა კანონებს. ყველა ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებამ სენატი სახელმწიფოს გულად აქცია. რიგითი რომაელისთვის სენატის უპატივცემლობა სახელმწიფოს უპატივცემლობას უტოლდებოდა. ლათინურად სენატორებს რეგისტრირებულ (ჩაწერილ) მამებს უწოდებდნენ (patrum numerum). ეს კარგად აისახა ცნობილ ფორმულაშიც SPQR, senatus populus que romanus (რომის სენატი და ხალხი).

თავდაპირველად სენატორები მხოლოდ პატრიციუსები იყვნენ, ხოლო ძვ. წ. IV საუკუნიდან, ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ, სენატში მოხვედრა პლებეებმაც შეძლეს. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკის პერიოდში სენატორების უმეტესობას პატრიციუსები შეადგენდნენ. ძვ. წ. 313 წლამდე სენატში ახალ წევრებს კონსული იღებდა, მოგვიანებით კი ცენზორი. პლებეებს შეეძლოთ სენატში მოხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ კონსულებათ აირჩევდნენ, რადგან ყოფილ კონსულებს ტრადიციის თანახმად სენატორად რიცხავდნენ.

სენატსა და სახალხო კრებას შორის პირველი მწვავე დაპირისპირება მოხდა ტრიბუნის ტიბერიუს გრაქხუსის რეფორმების მხარდაჭერისთვის კენჭისყირისას. ეს ამბავი ამ უკანასკნელისთვის ტრაგიკულად დასრულდა. თითქმის იგივე ამბავი განმეორდა ძვ. წ. 123 წელს, როდესაც ტიბერიუსის უმცროსმა ძმამ გაიუსმა სცადა ძმის რეფორმები აეღორძინებინა.

როდესაც სულა ცენზორი გახდა, მან სენატორად მიღების ასაკობრივი ცენზი 46 წლიდან 30 წლამდე ჩამოწია და გააორმაგა სენატორთა რაოდენობა. მოგვიანებით კეისარმა კიდევ გაზარდა სენატორთა რაოდენობა 1000 კაცამდე.

სენატის ძალაუფლება შეირყა მარიუსის სამხედრო რეფორმის ძალაში შესვლის შემდეგ. საქმე ისაა, რომ ბრუტუსის ეპოქიდან, ანუ რესპუბლიკის შექმნიდან მოყოლებული, აბსოლუტური ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელში პრაქტიკულად არ ხვდებოდა (იშვიათი გამონაკლისები - 6 თვის ვადით არჩეული დიქტატორები). სამხედრო რეფორმამდე სენატის თანხმობის გარეშე კონსული ჯარს ვერ შეკრებდა, თან ჯარი მუდმივი და პროფესიული არ იყო. ხოლო გაიუს მარიუსის რეფორმამ გამოიწვია პროფესიული არმიის ჩამოყალიბება, რომელიც თავისი მხედართმთავრის ერთგული იყო. ამრიგად მხედართმთავარმა არმიაზე დაყრდნობით მიიღო ისეთი ძალაუფლება, რომ შეეძლო კანონზე და სენატზე მაღლა დამდგარიყო. თავისთავად რეფორმამ აამაღლა რომაული არმიის ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ მეორე მხრივ ამან განაპირობა სამოქალაქო ომების მთელი სერია, რომლებიც ძვ. წ. II საუკუნის მიწურულიდან ძვ. წ. I საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა და რესპუბლიკის კრახით დასრულდა.



კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1342 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar