3:32 PM ანა კალანდაძე | |
ანა პავლეს ასული კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში 1941 წელს, იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს. 1952 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. დაჯილდოებულია ”საპატიო ნიშნის” ორი ორდენით და ღირსების ორდენით. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1985 წელს ციკლისათვის ”თავაწეული ქართული დროშები” და ბოლო წლებში გამოქვეყნებული მთელი რიგი ლექსებისათვის მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს მიენიჭა გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემია. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დრაგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის. 2006 წელს ანა კალანდაძეს კიდევ ერთი ლიტერატურული პრემია მიანიჭეს – სწორედ ის გახდა საპატიო "საბას” ლაურეატი, რომელიც ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს. "დღეს ბედნიერი ვარ, რადგან თანამედროვე ქართული ლიტერატურის ჯილდო გადმომეცა. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ლექსები ჯერ კიდევ აინტერესებს ახალგაზრდა მკითხველს”, – ასეთი იყო ანა კალანდაძის მცირე კომენტარი. ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. გარდაცვალებამდე 3 თვის წინ პოეტმა ინსულტი გადაიტანა, რაც მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად იქცა. ანა კალანდაძე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ”ლიტერატურა და ხელოვნებასა” და ჟურნალ ”მნათობში”. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. მისი პოეტური კრებულები შემდგომში მრავალჯერ გამოიცა (1957, 1960, 1967, 1976, 1984, 1985). ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია ს. მალარმეს, ა. პუშკინის და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები, მოგონებები.ანა კალანდაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე. . . | |
|
სულ კომენტარები: 0 | |