მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » ცხოველი სასწაული
1:26 PM
ცხოველი სასწაული



"ჰოი საკვირველებავ! ამ დროს უეცრად გაისმა ცაში გრგვინვის ხმა და გაჩნდა აქა-იქ სქელი ღრუბლები"

ცხელა, საშინლად ცხელა. აგვისტოს ხვატიც წინ გვიძევს. გვსურს სანუგეშოდ გავიხსენოთ რამდენიმე სასწაული, რომლებიც ჩვენი წმინდა წინაპრების ლოცვით მომხდარა:

1900 წლის ჟურნალ "მწყემსის" მე-15 ნომერში ქაიხოსრო გელოვანი წერს: "ამ რამდენიმე წლის წინათ ჩვენს მხარეში ძალიან დიდი გვალვა იდგა; ყოველგვარი მიწის მცენარეულობა გაახმო ძლიერმა სიცხემ, ცამ შეჰკრა პირი და წვეთი ნამი აღარ გამოიმეტა დედა-მიწისთვის. ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა; მწარე სენი შიმშილისა თვალწინ უდგა ყველას. იმედი მიწის გალღობისა და გაგრილებისა სამყაროდამ არას კუთხით სჩანდა, გვალვა გრძელდებოდა...

სწორედ ამ განსაცდელის ჟამს ამოვიდა რაჭაში ჩვენის ეკლესიის მადლიანი და დამამშვენებელი მსახური, აწ განსვენებული ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე. - ავტ.). დიდი და პატარა სასოებით შემოეხვია გარს თავის მადლიანს მამათმთავარს და ცრემლით შეევედრნენ, რომ ეკურთხებია მდინარე რიონი. მეცნიერი მღვდელმთავარი დაფიქრდა... რამოდენიმე წუთის სიჩუმის შემდეგ მოესმა ხალხს მანუგეშებელი ხმა:

"ნუ გეშინიათ, შვილებო, სასოებას ნუ წარიკვეთთ, ამაღამ მოემზადეთ ლოცვა-ვედრებით, მეც მოვემზადები და ხვალ ვაკურთხებ მდინარეს და თუ გულწრფელი სასოებით შევთხოვთ უფალს, უთუოდ შეიწყნარებს ჩვენს ვედრებასო". ხალხი ნუგეშმოპოებული დაიშალა. მღვდელმთავარმა მთელი ღამე საიდუმლო ლოცვაში გაატარა, დილით ადრე ადგილობრივ ეკლესიაში შეასრულა საცისკრო ღვთისმსახურება.

გათენდა დილა, მაგრამ არ სანუგეშო: სარკესავით გადაწმენდილი ცა წითლად ლაპლაპებს. დილის ათ საათზედ სატაძრო შესამოსელით შემოსილი სამღვდელოება ჯვრითა და ხატებით ლიტანიით მივიდნენ მდინარის პირზე და ელოდნენ მღვდელმთავრის მობრძანებას.

გამოჩნდა მღვდელმთავარიც, რომელიც მარტოდმარტო მობრძანდებოდა ფეხით; ორივე ნაპირი მდინარე რიონისა სავსე იყო ხალხით. შემოსილი სამღვდელოება ჯვრითა და აიაზმით შეეგება მას წინ და მიართვა მანტია და კვერთხი. მღვდელმთავარი შეიმოსა მანტიით, ხელთ იპყრა კვერთხი, ემთხვია ჯვარს. იპკურა აიაზმა, გარდასახა ოთხივე კუთხით ჯვარი ხალხს და ავიდა რიონზე.

დაიწყო წყლის კურთხევის წესის შესრულება. მღვდელმთავარმა მუხლი მოიდრიკა, აღაპყრო ხელი ზეცად, სასოებით ეამბორა ჯვარს და შთაასვენა მდინარეში. ამ დროს მთელი ხალხი პირქვე დაემხო მიწაზე და ცრემლით ევედრებოდნენ უფალს... ამოასვენა ჯვარი რიონიდან თუ არა, ნაკურთხის წყლით ასხურა დაჩოქილი ხალხი. ჰოი საკვირველებავ! ამ დროს უეცრად გაისმა ცაში გრგვინვის ხმა და გაჩნდა აქა-იქ სქელი ღრუბლები.

მღვდელმთავარმა მეოთხედ ჩაასვენა ჯვარი მდინარეში და ასხურა ხალხი წმინდა წყლით. ამ დროს უღირსთა ვიხილეთ ნამდვილი სასწაული. დაიწყო ნელ-ნელა თქორვა... წვიმამ უმატა.

  ბინაზედ მიბრძანდა თუ არა ყოვლადსამღვდელო, სადილობის დრომაც მოაწია, ვგონებ, არავის არას დროს ისე მხიარული არ ენახოს ეს იშვიათი მწყემსმთავარი, როგორც ამ შემთხვევაში იყო... ასეთი თვალსაჩინო სასწაულებრივი მოვლენა არათუ ჩვენის დროის მართლმადიდებელი ადამიანის გულში, თვით ქრისტეს თანამედროვე ფარისეველთა გულშიაც კი გაანელებდა ურწმუნოების გრძნობას, მაგრამ... ამ შემთხვევაშიაც იჩინა თავი ჩვენში შემაძრწუნებელმა ურწმუნოებამ: სწორედ შუა სადილის დროს რაჭაში ერთმა საპატიო თანამდებობის მქონმა პირმა მიმართა ეპისკოპოსს შემდეგი სიტყვებით:

"თქვენო მეუფებავ! უმორჩილესად გთხოვთ მიბრძანოთ, საიდამ გამოიწერეთ თქვენი ბარომეტრი, რომელიც ეგრე შეუცდომლად აჩვენებს ჰაერის ბუნების ცვლილებას? - რა ბარომეტრიო?! - გაკვირვებით ჰკითხა მღვდელმთავარმა. "აი, იმ თქვენს ბარომეტრზე მოგახსენებთ, რომელმაც ეგრე სინამდვილით გაჩვენათ, რომ დღეს გაავდრდებოდაო.

მოისმინა თუ არა ეს სიტყვები, მისი უმაღლესის სიხარულით განბრწყინვებული სახე ჭმუნვის ღრუბლით შეიმოსა, უკმაყოფილოდ თავი გაიქნია და მქისად უბრძანა: "მე არ მეგონა, თუ ამ შემთხვევაში ჩვენ შორის ურწმუნო თომა აღმოჩნდებოდა. ჩემი ბარომეტრი ჩემი სარწმუნოება და ჩემი გულწრფელი რწმენა ღვთის ყოვლისშემძლეობაზე და მისდამი სასოებით ლოცვა-ვედრება არის და არა რომელიმე სახელოსნოდამ გამოწერილი და ნაყიდი მანქანაო", - და გულნაწყენი გავიდა მეორე ოთახში".

* * *
1899 წლის ჟურნალი "მწყემსი" ბეჭდავს მღვდელ ანტონ გოლეთიანის წერილს, რომელიც ლეჩხუმში მომხდარ სასწაულზე მოგვითხრობს: ივნისიდან ვიდრე 27 ივლისამდე არათუ წვიმით არ გამაძღარა მიწა, ცვარიც კი არ ყოფილა, რადგან ღამე ცა ღრუბლით იხურებოდა და დღე ძლიერი სიცხეები სწვავდა, ბალახი გახმა, წყლები ალაგ-ალაგ დაშრა, კაცი და საქონელი შეწუხდა აუტანელი სიცხისგან. 27 კვირიკობისთვეს, სოფელს ოყურეშიდან წაასვენეს ხვამლის მთაზედ ორი დიდი და დიდებული წმინდის გიორგის ხატი. ხალხის მოთხრობით ეს ორი წმინდის გიორგის ხატი ძველ დროში დასვენებული ყოფილა ხვამლზედ, სადაც ყოფილა ეკლესია და ბერების მოსახლეობა.

შუადღის პაპანაქება სიცხეში გავემგზავრეთ ოყურეშის ეკლესიიდან ხვამლისკენ ასიოდე კაცი და ქალი, ხატებს მიასვენებდნენ ოთხ-ოთხი ჯალავრით. ხალხი ფეხშიშველა, ქუდმოხდილი უკან ახლდა სასწაულმოქმედს დიდებულ ხატებს და ცრემლით შესტიროდა თავის გაჭირვებას. როცა შევაწიეთ შიშველ მთის მინდორზე, ხატები დავასვენეთ ნაეკლესიებზედ, შევხსენით სახვევები და გავაჩერეთ ნატრაპეზალზედ, აუნთეთ სანთლები და წამოვიჩოქეთ მათ წინაშე ვედრებით.

დაღამებამდის გარდვიხადეთ სამადლობელი პარაკლისი და აი, ცხოველი სასწაული! ისმინა უფალმა ვედრება ჩვენი: "რათა უბრძანოს ღრუბელთა ცისათა მოცემად წვიმა..." გაჩნდა ნისლი მთის გარშემო, დაგვიახლოვდა და გარს შემოგვერტყა. ამას მოჰყვა ცივი ქარი, გასქელდა ნისლი და აიწია თანდათან მაღლა. შეიქმნა ქუხილი, ელვა და ბოლოს, ნელი წვიმა. ჩვენს სიხარულს და მადლობას წმინდა გიორგისადმი არ ჰქონდა საზღვარი".

კურიოზული ამბავი შემთხვევიათ ერთხელ ქუთათურ ჩეკისტებს. იმ წელსაც დიდი გვალვა დაუჭერია. ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ გაბრიელს (გარდაიცვალა 1956 წელს) პარაკლისი გადაუხდია, მდინარე უკურთხებია და ღვთის სასწაულიც მომხდარა, ისეთი წვიმა წამოსულა, ხიდები წაუღია და კანტორის საწყობებიც ზედ მიუყოლებია. ქუთათურ მილიციელებს თბილისში წერილი გაუგზავნიათ, - ნება მოგვეცით, მიტროპოლიტი გაბრიელი დავიჭიროთ, რადგან ილოცა და ისეთი წვიმა მოიყვანა, სახელმწიფო ქონება გაანადგურაო.

გადარეულან თბილისში, - ჩვენ ხალხს ვუმტკიცებთ, რომ ღმერთი არ არსებობს, თქვენ კი ლოცვის გამო მღვდელმთავრის დაჭერა გინდათ, ამით ხომ უფრო დაარწმუნებთ ხალხს ღმერთის არსებობაშიო.










კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1218 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar