მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » რიჩაედ ბრენსონი
1:00 PM
რიჩაედ ბრენსონი



დიდი ფულის "დაბადება" პოპულარული მუსიკიდან

წარმატებულებად არ იბადებიან, წარმატებულები ხდებიან. წარმატების მოპოვება კი უნდა ისწავლო... რიჩარდ ბრენსონის საქმიანი გზა ამის საუკეთესო მაგალითია. დღეს ის ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანთა შორისაა, არადა იყო დრო, ტელეფონ-ავტომატებისთვის ხურდა ფულიც არ ჰქონდა.

რიჩარდ ბრენსონი 1950 წელს დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში დაიბადა. მშობლებისგან მემკვიდრეობით არისტოკრატიზმი, სიბრძნე, მოთმინების უნარი, ამტანობა და ავანტიურიზმი ერგო. თუმცა სკოლაში ბრენსონს პრობლემები შეექმნა დისლექსიის გამო (წერისა და კითხვის დაუფლების უნარის დარღვევა, სწავლის საერთო უნარის შენარჩუნებით). სანამ ფეხბურთისა და რაგბის სასკოლო გუნდების კაპიტანი იყო, ბევრს პატიობდნენ, მაგრამ ტრავმირების შემდეგ მისი გაკიცხვა ჩვეულ ამბად იქცა.

პირველი ნაბიჯი

რიჩარდმა ბიზნესი თავდაპირველად არდადეგებზე, საახალწლო ნაძვის ხეების გაყიდვით მოსინჯა, ზრდიდა და ყიდდა თუთიყუშებსაც. შემდეგ კოლეჯში გაემგზავრა და სასწავლებლის "გადაკეთებას" შეუდგა საკუთარი პროგრამით. პროგრამა იმხანად მოდური ლიბერალური შეხედულების საფუძველზე შეიქმნა, რომლის თანახმად, ახალგაზრდების უფლებები ილახებოდა. "დაჩაგრულ" ახალგაზრდებს მოსაზრებების გამოხატვა რომ შესძლებოდათ, რიჩარდმა ჟურნალ "სტუდენტის" გამოცემა დაიწყო.

ჟურნალს სპონსორები სჭირდებოდა. ბრენსონმა ჟურნალის ფურცლებზე ფასიანი რეკლამის განთავსება გადაწყვიტა. ტელეფონი არ ჰქონდა და რეკლამის პოტენციურ დამკვეთებს ქუჩის სატელეფონო ავტომატიდან ურეკავდა, თანაც უფასოდ! დარეკავდა სატელეფონო სადგურში და პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ არასწორად დააკავშირეს აბონენტთან, ხოლო მონეტა ავტომატმა ჩაუყლაპა. სადგურის ოპერატორი მას საჭირო აბონენტთან აკავშირებდა სიტყვებით:

"თქვენთან მისტერ ბრენსონს სურს საუბარი!" რიჩარდს ერთი საუბრისთვის მხოლოდ ხუთი წუთი ჰქონდა, რადგან შემდეგ შესაძლოა უნებლიე "მდივანი" ჩარეულიყო ძალიან უადგილო შეხსენებით, რომ საუბრის დრო იწურებოდა. სწორედ მაშინ გამოუმუშავდა ბრენსონს საქმიან პარტნიორებთან საუბრის აგრესიული და უკომპრომისო მანერა.

ჟურნალს პუბლიკაციებიც სჭირდებოდა. ცნობარში "ვინ ვინ არის" მითითებულ მისამართებზე რიჩარდი ცნობილ ადამიანებს წერილებს უგზავნიდა და ახალგაზრდობის პრობლემებზე მოსაზრების გამოთქმას სთხოვდა. რედაქცია საპასუხო წერილებით გაივსო.

წარმატება მოულოდნელად მოვიდა. ჟურნალმა "ვოგმა" მასზე დაწერა სტატიაში "ბრიტანული ტალანტები და წარმატებები". ჟურნალისტები ინტერვიუს სთხოვდნენ, ბრენსონი კი შესაშური დაჟინებით ზრდიდა ჟურნალ "სტუდენტის" ტირაჟს.

ორ წელიწადში ჟურნალი მაინც დაიხურა, თუმცა ამას ფატალური შედეგები არ მოჰყოლია: საგამომცემლო საქმიანობასთან ერთად რიჩარდი ახალგაზრდობის საკონსულტაციო ცენტრს წარმატებით ავითარებდა. რედაქციის თანამშრომლები კურიერებად, ფსიქოლოგებად, იურისტებად, ექიმებად იქცნენ და ეხმარებოდნენ მომავალ დედებს, ლოთებს, ნარკომანებს თუ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს. იდეა იმდენად სიცოცხლისუნარიანი გამოდგა, რომ ცენტრი დღემდე მოქმედებს.

ფულის "დაბადება" მუსიკიდან

მომდევნო ავანტიურა მუსიკალური ფირფიტების 15%-იანი ფასდაკლებით გაყიდვა და მათი ფოსტით დაგზავნა იყო. საამისოდ 1970 წელს რიჩარდმა დააფუძნა კომპანია "ვირჯინ მეილ-ორდერი". ბრენსონმა წარმატებისკენ სვლა დაიწყო, თუმცა საქმეს სირთულეებიც ახლდა. მაგალითად, ერთხელ ფოსტის მომსახურეთა გაფიცვამ ფირმას საგრძნობი ზარალი მიაყენა. რიჩარდმა იფიქრა და ვაჭრობა კი არ შეკვეცა, არამედ თავისი პირველი ფირფიტების მაღაზია გახსნა.

ბიზნესის გასავითარებლად ბრენსონმა სათანამშრომლოდ ცნობილი მუსიკოსების მიწვევა გადაწყვიტა, მაგრამ მათ უკვე აკავშირებდათ კონტრაქტები ხმის ჩამწერ მსხვილ სტუდიებთან.

მაშინ ბრენსონი გენიალურ დასკვნამდე მივიდა: თუ არ შეგიძლია კონკურენტებისგან როკვარსკვლავის გამოსყიდვა, თავად შექმენი. სწორედ ამ დროს დაარსდა ხმის ჩამწერი სტუდია "ვირჯინ რეკორდზი". პირველი "ვარსკვლავი" მაიკლ ოლდფილდი გახდა. 19 წლის კომპოზიტორი სრულყოფილად უკრავდა ოცამდე მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ერთი წელიწადში მისი ალბომი "ტიუბულარ ბელზი" გამოვიდა და 20-მილიონიანი ტირაჟითაც გაიყიდა...

ასე გახდა რიჩარდ ბრენსონი მილიონერი, თუმცა ცხოვრების წესი არ შეუცვლია. მომდევნო ფსონი მან პანკჯგუფ "სექს პისტოლზზე" დადო. სკანდალურობის გამო, სოლიდური სტუდიები მათთან კონტრაქტებს ერიდებდონენ... კონცერტები მუსიკოსების დაპატიმრებითა და სასამართლო გარჩევებით მთავრდებოდა, რაც ფირფიტების ტირაჟებს არნახულად ზრდიდა. ახალი სახეებისა და სახელების მოძიება ან ბაზარზე დამკვიდრება ბრენსონისთვის დიდ საქმედ და დიდ ფულად იქცა.

"ვირჯინ რეკორდზს" უკავშირდება არაერთი სუპერვარსკვლავის სახელი, მაგალითად, "როლინგ სტოუნზის", "ჯენეზისის", ფილ კოლინზის, პიტერ გებრიელის, ბრაიან ფერის, პოლა აბდულის, ჯენეტ ჯექსონისა და სხვების. 1992 წელს ბრენსონმა დასახელება "ვირჯინ რეკორდზი" უმსხვილეს ბრიტანულ მედიაჯგუფ "ემის" 500 მილიონ გირვანქა სტერლინგად მიჰყიდა. ამას მოგვიანებით ნანობდა, რადგან სწორედ მუსიკალურმა ბიზნესმა დაუდო სათავე მის იმპერიას. მუსიკას ის მაინც დაუბრუნდა, ოღონდ ახალი კომპანიის სახელწოდებაში "ვირჯინი" ვეღარ გამოიყენა.

ინტერესთა "მარაო"

დროთა განმავლობაში "ვირჯინი" მრავალი მიმართულებით განიტოტა. ბიზნესსფეროები თავდაპირველად მონათესავე იყო - კინოფილმების, ვიდეო და მუსიკალური პროგრამების წარმოება-გავრცელება. 1983 წელს ბაზარზე გამოჩნდა "ვირჯინ ვიჟენი", მომდევნო წელს მუშაობა დაიწყო მსოფლიოში პირველმა სადღეღამისო ტელეარხმა "მიუზიკ ჩენელმა". ბრენსონმა ძალები მოსინჯა კინოშიც.

"ვირჯინი" გააქტიურდა უძრავი ქონებისა და ტურისტულ ბიზნესებში, გაჩნდა "ვირჯინ ჰოტელ გრუპსი" და "ვირჯინ ჰოლიდეი", 1983 წელს ამოქმედდა "ვირჯინ გეიმზი", კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი ფირმა. 1984 წელს დაარსებულმა ავიაკომპანია "ვირჯინ ატლანტიკ ეარვეიზმა" ბრიტანულ ავიაბაზარზე მეორე პოზიცია დაიმკვიდრა. ბრენსონის ბრწყინვალე გამარჯვებების ისტორიაში გაოცებას იწვევს ის, რომ ყველაზე მოულოდნელი იდეებისთვისაც პოულობდა სპონსორებს...

ბრენსონს ახალი იდეა ყოველთვის აქვს. წყარო ხშირად მისი სქელი უბის წიგნაკია, რომელსაც ვერ ელევა და იქ საქმიან პარტნიორებთან თუ თანამშრომლებთან საუბრის შინაარსს წერს. მეტ-ნაკლები წარმატებით მან ბედი ბევრგან მოსინჯა - შექმნა სარკინიგზო, საავტომობილო, არყის მწარმოებელი კომპანიები, დაიწყო საქმიანობა ჯანდაცვისა თუ კოსმოსური ტურიზმის სფეროებში, გახდა "ფორმულა 1-ის" გუნდის სპონსორი... მენეჯმენტის ენაზე ბრენსონმა მიიღო მეტსახელი "ტრანსფორმაციების ლიდერი".

თუმცა პრესის სატირულ მახვილს რიჩარდი არასოდეს დაუზოგავს, მას მუდამ "ანებივრებდნენ" კარიკატურებითა თუ პაროდიებით.
დღეისთვის რიჩარდ ბრენსონი დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორისაა. მისი ქონება დაახლოებით სამი მილიარდი გირვანქა სტერლინგია. საზოგადოებას მისი სახელი კარგად გააცნო არასტანდარტულმა ქცევამ - ტოკშოუებში მონაწილეობამ თუ მათმა დაარსებამ, მრავალმა სასამართლო ბიზნესდავამ, სიჩქარის მსოფლიო რეკორდის დამყარების არაერთმა მცდელობამ იახტებით თუ საჰაერო ბურთებით.

P.S. სიტყვა "ვირჯინი" (Vირგინ) პირდაპირ თარგმანში ქალწულს ნიშნავს. ეს დასახელება ბრენსონს ადრეულ წლებში შესთავაზეს თანამშრომლებმა, რაკი მაშინ ბიზნესის სამყაროში ყველანი "ქალწულები" იყვნენ. მას შემდეგ უზარმაზარი საქმიანი იმპერია შეიქმნა, სახელი კი შემორჩა...
















კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1227 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar