მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » სოფელი
1:52 PM
სოფელი
.

კაცობრიობა დღეს ბევრ პრობლემას ებრძვის: ტერორიზმი, ფინანსური კრიზისი, გლობალური დათბობა და სხვა. თუმცა რატომღაც ყველაზე ნაკლები ყურადღება ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს ეთმობა - სურსათის დეფიციტი, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის მატებასთან ერთად სულ უფრო მწვავდება. რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება უფსკრული ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის. თუ დედამიწის მოსახლეობის ერთი ნაწილი ჭარბ წონას ებრძვის და ცდილობს ბევრი არ ჭამოს, მეორე და უფრო დიდი ნაწილი შიმშილისგან ცდილობს თავის დაღწევას და რა ჭამოს იმაზე ფიქრობს. დღესდღეობით დედამიწაზე 6,8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და მათი რაოდენობა 2050 წელს, სავარაუდოდ, 9 მილიარდს მიაღწევს. თუ გაეროს ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით 1 მილიარდ ადამიანს შიმშილის პრობლემა აწუხებს და არასაკმარისი საკვები გააჩნია, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მოხდება მოსახლეობის ასეთი ზრდის შემთხვევაში. მითუმეტეს, ზრდას სწორედ რომ ღარიბ ქვეყნებში ელიან. პროგნოზი თუ გამართლდა, მსოფლიოში სურსათის წარმოების დღევანდელი მაჩვენებლების გაორმაგება გახდება საჭირო. ეს კი, თავის მხრივ, ასე ადვილი ბევრი ფაქტორის გამო ვერ იქნება.
ბოლო ასწლეულში ადამიანმა თითქმის მთლიანად აითვისა დედამიწაზე არსებული დასათესად ვარგისი ტერიტორიები, მაგრამ ამან მაინც ვერ უშველა საქმეს. გლობალურ დათბობასთან ერთად სულ უფრო მეტი ტერიტორია შრება და ხდება მოუსავლიანი. მძვინვარებს ასევე წყლის დეფიციტი, რაც აგრარული სექტორისთვის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ბოლო წლებში ბაზარზე სურსათის გაძვირების მიზეზებს კიდევ ერთი დაემატა - ე.წ. "ენერგო-მცენარეები". ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამ მეტად რენტაბელური გახადა ისეთ მცენარეებში ფულის დაბანდება, რომლისგანაც ბიოლოგიური საწვავი იწარმოება. მაგალითად, ევროპაში ფართოდ გავრცელებულ ბიო-დიზელს, ძირითადად, რაპსისგან, მზესუმზირისგან და სოიოსგან აწარმოებენ. ეს კი, სასურსათო ბაზარზე მარცვლეული კულტურების მიწოდების შემცირებას იწვევს.
ბოლო წლებში ბევრმა ფაქტორმა, მათ შორის ასევე ბაზარზე მოთხოვნის გაზრდამ, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად არის მოსალოდნელი, ფასების ელვისებური ზრდაც გამოიწვია (თუმცა, ზოგჯერ ამ საქმეში სპეკულიანტების ხელიც ერია). 2003 წლის მონაცემებთან შედარებით ხორბლისა და სიმინდის ფასები 2008 წელს გასამმაგდა, ბრინჯის კი ხუთჯერ გაიზარდა. ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ფინანსურმა კრიზისმა ფასების ზრდა დროებით შეაჩერა და ის 2006 წლის დონეს დაუბრუნა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდა, სავარაუდოდ, ისევ გაგრძელდება.
ამ პროცესების მიღმა ჩვენი ქვეყანაც ვერ დარჩება. მით უმეტეს, რომ ქართულ ბაზარზე სურსათის გაძვირება უკვე დიდი ხანია დაწყებულია. სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათად მიდის იმაზე დისკუსია, თუ როგორ უნდა შეხვდეს საქართველო ამ ახალ გამოწვევას. არსად ჩანს სოფლის მეურნეობის განვითარების ჩამოყალიბებული და გრძელვადიანი ხედვა. მეტიც, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვნად შემცირდა ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული სასურსათო პროდუქციის რაოდენობა. სტატისტიკის მიხედვით, 1990-2007 წლებში ნათესი ფართობები 700 000 ჰექტარიდან 297 000 ჰექტარამდე შემცირდა. მსოფლიოში ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად ქართველ გლეხს ჯერ ისევ სარწყავი სისტემების პრობლემა ვერ მოუგვარებია და მიწას კვლავაც საუკუნის წინანდელი მეთოდებით ამუშავებს. მართალია, ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგა, რაც ცალსახად მისასალმებელია, მაგრამ მხოლოდ ახალი ტრაქტორები და ძროხის ახალი ჯიშები სიტუაციას ძირეულად ვერ შეცვლის. საჭიროა ჩამოყალიბდეს მრავალწლიანი გეგმა, რომელიც ქართულ სოფლის მეურნეობას სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს და კონკურენტუნარიანს გახდის მას.
დღესდღეობით არსებული პრობლემების ჩამოთვლა და მათი დეტალური განხილვა შორს წაგვიყვანდა. მხოლოდ ორ ასპექტზე შევჩერდებით. იმისათვის, რომ ქართულმა პროდუქტმა, თუნდაც, შიდა ბაზარზე გაუწიოს კონკურენცია უცხოურს, პირველ რიგში ხარისხზე მკაცრი კონტროლია საჭირო. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ საზღვარგარეთიდან შემოტანილი შედარებით იაფი სურსათი ხშირად დაბალი ხარისხის (და სწორედ ამიტომაცაა იაფი) და ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი არის. საქართველოს კანონი "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის შესახებ" კი ამ დროისთვის ოფიციალურად შეჩერებულია. ფაქტიურად, არავინ აკონტროლებს ბაზარზე არსებულ პროდუქციას და მათი ხარისხის დადგენა მთლიანად მომხმარებელზეა დამოკიდებული. ეს სიტუაცია არამარტო საფრთხეს უქმნის ქართველი მომხმარებლის ჯანმრთელობას, არამედ არათანაბარ პირობებში აყენებს ასევე ეროვნულ მწარმოებელსაც.
მეორე მთავარი და ძირეული საკითხი კი, რომელზეც აუცილებლად უნდა გაკეთდეს აქცენტი, არის სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის გაზრდა. დროა ქართულ სოფლის მეურნეობაში დაიწყოს, ასე ვთქვათ, გამსხვილების პროცესი და განვითარდეს ფერმერული მეურნეობები. შეუძლებელია ქართველმა გლეხმა, რომელსაც რამდენიმე ძროხა და რამდენიმე ქათამი ჰყავს, კონკურენცია გაუწიოს, მაგალითად, თურქ ან უკრაინელ ფერმერს, რომელიც აწარმოებს გაცილებით მეტს და შესაბამისად, გაცილებით იაფად. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ აქცენტების არასწორი დასმა ხდება და ხშირად ისმის კრიტიკა (მათ შორის ოპოზიციის მხრიდან), რომ ქართველი გლეხის პრობლემა დაბალი ფასებია და რომ თურმე სახელმწიფომ იმპორტის დაბეგვრით ხელი უნდა შეუწყოს ფასების ზრდას და ამით სტიმული მისცეს შიდა წარმოებას. თუმცა, ავიწყდებათ ის, რომ პროდუქტებზე უკვე ისედაც არსებული მაღალი ფასის გაზრდა კიდევ უფრო შეამცირებს შეჭირვებული მოსახლეობის მყიდველუნარიანობას და გაართულებს მის სოციალურ მდგომარეობას. ის ვერც წარმოების ეფექტიანობის გაზრდის მასტიმულირებელ როლს ითამაშებს. ქართველი გლეხის სიღარიბის ძირითადი პრობლემა არის არა დაბალი ფასი, არამედ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მცირე რაოდენობა და მასზე დახარჯული შრომისა და წარმოების სხვა ფაქტორების არაეფექტიანობა. ამიტომ, სახელმწიფომ არა ფასების ხელოვნურად მომატებაზე, არამედ პროდუქტიულობის გაზრდაზე უნდა იზრუნოს და გლეხს თუ ფერმერს დაეხმაროს წარმადობის გაზრდაში. ამის მიღწევა კი მოხდება ინფრასტრუქტურისა და სადაზღვევო სისტემის განვითარებით, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მსოფლიოში უკვე აპრობირებული მეთოდების გამოყენებით. შესაბამისად, საჭიროა ამ მიმართულებით ახალი კადრების მომზადება-გადამზადება და მათი საშუალებით უახლოესი მეცნიერული მიღწევების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ქართული სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციას.
იმედია, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება და სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით უფრო დაიხვეწება. ისე კი, ნუ დაგვავიწყდება, რომ კლიმატური ცვლილებების პირობებში დრო ჩვენ სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს და მოქმედება ახლავეა საჭირო.

.



კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1260 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar