მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » სოფლის მეურნეობა
1:49 PM
სოფლის მეურნეობა
"ბანკები და ფინანსებმა" ბაკურ კვეზერელი "სიტყვაზე დაიჭირა" და ბოლნისში გლეხებისთვის კომბაინი გააგზავნინა

.

საქართველოს პურის ბეღელს უწოდებდნენ, მაგრამ დღეს ეს ბეღელი სეტყვისგან, გვალვისგან, მღრღნელებისგან და ხელისუფლების უყურადღებობისგან დაცარიელებულია. საქართველოში ხორბლის მოსავლის აღების დრო დადგა და ალოობა დაიწყო, მაგრამ შარშანდელივით წელსაც მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. სოფლებში აგროტექნიკის არარსებობის გამო, გლეხებს და ფერმერებს კომბაინის დასაქირავებლად რიგში დოგმა უწევთ. ხორბლის მოსავალს კი ამასობაში ხან წვიმა, ხან გვალვა და ხანაც მღრღნელები ანადგურებს. არადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პროგნოზით წელს შარშანდელთან შედარებით კარგი მოსავალი უნდა იყოს, რადგან "ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით - მექანიზაციისა და თესლის ხარისხის თვალსაზრისით. ვფიქრობ, წელს მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება მარცვლოვან კულტურებში", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა. მიუხედავად ამისა, ფერმერებისა და გლეხების განცხადებით, რეგიონებში ტექნიკით მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სარგებლობენ. სამინისტროს მიერ გამოყოფილი ტექნიკა ძალიან ძვირია. გლეხებს კომბაინის დასაქირავებლად ერთ ჰექტარზე 100 ლარის გადახდა უწევთ, რაც მათ მოსავლის აღებას კიდევ უფრო ურთულებს. სოფლებში ხორბალს ჯერ კიდევ ძველი, საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩენილი, კომბაინებით იღებენ, რომლებიც ხშირ შეკეთებას მოითხოვს, გაუმართაობის და სიძველის გამო. ესეც, რა თქმა უნდა, კიდევ ართულებს და აგვიანებს მოსავლის დაბინავებას. ისეთი მარცვლეული კულტურა კი როგორიც ხორბალია, თავთავის დამწიფების შემდეგ, თუ თავის დროზე არ მოიმკა, მოცდას ვერ დაიწყებს და ისევ მიწაში იპნევა. ეს კი გლეხებისთვის შრომის და მოსავლის დიდი დანაკარგი და ფუჭი წვალებაა. მცირე მოსავლიანობის გამო, კახეთში გლეხებმა ყანებიც კი მიატოვეს. ამ მხრივ რთული მდგომარეობაა შიდა ქართლშიც. ოკუპირებულ ახალგორის რაიონში შესაძლოა დაიკარგოს პურის ხორბლის მთლიანი მოსავალი. რაიონის ხელისუფლების მეთაურმა ალან ჯუსოევმა აღნიშნა, რომ დღეისათვის რაიონში არ არსებობს არცერთი კომბაინი. მისი სიტყვებიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ახალგორის რაიონში ითვალისწინებს ორი კომბაინის შეძენას, მაგრამ `გაურკვეველი მიზეზების გამო, დღემდე არ შეუძენიათ", და ეს მაშინ, `როდესაც უმნიშვნელო აგროტექნიკური ვადების დაგვიანებასაც კი მივყავართ მოსავლის დაკარგვამდე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მნიშვნელოვან ზარალს".
"თუ უახლოეს დროში არ იქნება შეძენილი კომბაინები, ჩვენ მთლიანად დავკარგავთ მოსავალს", – აღნიშნავს ჯუსოევი, რომლის მონაცემებით, მიმდინარე წელს ახალგორის რაიონში 1.700 ჰექტარი მიწის ნაკვეთზეა ხორბალი დათესილი და კარგ მოსავალს ელოდებიან.
"მოსახლეობა აქ უმეტესად დაკავებულია მიწათმოქმედებით და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მათი ძირითადი შემოსავალია. მათ ამ საქმეში მთელი თავიანთი სახსრები ჩადეს, დათესეს ყანები. დღეს დიდი მოთხოვნილებაა ქერზე როგორც თვით რაიონში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მაგრამ ტექნიკის უქონლობის გამო, მთელი მოსავალი იკარგება", – ამბობს ჯუსოევი.
ხორბლის მოსავლის აღების მხრივ, ტექნიკის არ არსებობის გამო, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ გლეხები და ფერმერები ქვემო ქართლშიც. მათი განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეყვანილი ტექნიკა მაღალი ფასის გამო მათთვის ხელმიუწვდომელია და ისევ კერძო პირებისგან უწევთ კომბაინის დაქირავება, რომლებიც ისეთ დიდ რაიონში, მაგალითად, როგორიც ბოლნისია, მხოლოდ 2 არსებობს. გლეხები დღეს ხორბლის მოსავლის ასაღებად შველას ითხოვენ.
"ბანკები და ფინანსები" არსებული პრობლემების თაობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბაკურ კვეზერელს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, მსგავს პრობლემებს არ იცნობს და არც ტექნიკის არ არსებობას ადასტურებს. კვეზერელი ამბობს, რომ მათ საკმაოდ ბევრი კომბაინი ჰყავთ და დაინტერესებული არიან ამ კომბაინების სამუშაოთი დატვირთვით, ხოლო თუ რომელიმე გლეხს ან ფერმერს რაიმე პრობლემა აქვს მოსავლის აღებასთან დაკავშირებით, იგი მზადაა თითოეულ მათგანს სამინისტროში პირადად შეხვდეს და მდგომარეობის ვითარებას გაეცნოს.
ჩვენ ეს ინფორმაცია გლეხებს, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ, რის შემდეგაც ბაკურ კვეზერელს დაუკავშირდნენ და კომბაინებთან არსებული პრობლემა გააცნეს. ამის შემდეგ კი ბოლნისის რაიონის ფერმერებს და გლეხებს სამინისტროდან აცნობეს, რომ ზუსტად 2 დღეში კომბაინს გაუგზავნიან, რომელიც მათ მოემსახურება და ჰექტარზე 80 ლარს გადაიხდიან. გლეხებმა ამ სასიხარულო და მნიშვნელოვანი ფაქტისთვის `ბანკები და ფინანსებს~ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადაუხადეს. ის ფაქტი, რომ გლეხები ჩვენი შუამავლობით მოსავალს დააბინავებენ, ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია. ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის შექმნისთვის, როგორიც პურია, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ ამაზე ზრუნვა განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევალება. თუ როგორ შეასრულებს ამ მოვალეობას და დანაპირებს სამინისტრო, ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს.

.



კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1233 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar