მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » ტურიზმი
1:44 PM
ტურიზმი
.

ზღვის სეზონი ახლოვდება და შესაბამისად, საქართველოს საზღვაო კურორტებზეც სრული სამზადისია. აჭარის დედაქალაქ ბათუმში აქტიური მშენებლობები მიმდინარეობს, სადაც გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ტურისტს ელოდებიან, მათ შორის უცხოელებსაც.
ტურისტთა მოსაზიდად, მხოლოდდამხოლოდ, პარკების მოწყობა და შადრევნების დამონტაჟება რომ არ არის საკმარისი, ცხადია. თითოეული დამსვენებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მომსახურეობის ხარისხია, ამ მხრივ კი საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემებია. მართალია, მაღალი კლასის სასტუმროთა რიცხვი ბათუმსა და ქობულეთში გაიზარდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საერთო მდგომარეობა მაინც არასახარბიელოა.
დამსვენებელთა უკმაყოფილებას ხარისხისა და ფასების უკუპროპორციული დამოკიდებულება იწვევს. ბოლო დროს ქობულეთში და მით უფრო ბათუმში, ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ბინებთან ერთად საკვებიც გაძვირდა და მოსახლეობისთვის საქართველოს ზღვისპირეთში დასვენება ძვირ სიამოვნებად გადაიქცა.
არსებობს მეორე, არანაკლებ მიმზიდველი ალტერნატივა - თურქეთის საზღვაო კურორტები. იმ ფაქტს, რომ ყოველწლიურად თურქეთს უამრავი ქართველი სტუმრობს, ტურისტული სააგენტოებიც ადასტურებენ. ჩვენი ქვეყნის ზღვისპირეთის მრავალფეროვნების მიუხედავად, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ზაფხულის გატარებას მეზობელ ქვეყანაში არჩევს და ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზებიც აქვს.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ბათუმში და თურქეთის კურორტ ანტალიაში დასვენება თითქმის ერთი და იგივე დანახარჯებით შეიძლება. ფასებს შორის მინიმალური სხვაობაა. ამაში შეგიძლიათ თავადაც დარწმუნდეთ.
ყველაზე დიდი მოთხოვნა საზღვაო კურორტებზე ივლისსა და აგვისტოშია. ბუნებრივია, რომ დროის მოცემულ მონაკვეთში ტურებზე ფასებიც იმატებს. ივლისის თვის მაგალითზე, ბათუმსა და ანტალიაში ათ დღიანი დასვენების მინიმალური ხარჯების შედარებით, შესაძლებელია გავიგოთ შეესაბამება თუ არა ზემოთ თქმული სიმართლეს.
თურქეთში დასვენების მსურველებს არაერთი ტურისტული სააგენტო სთავაზობს "ცხელ ტურებს". თითქმის ყველა კომპანია დამსვენებელს ქემერის სასტუმროებს სთავაზობს და ფასების სხვაობას, ძირითადად, მომსახურეობის დონე განაპირობებს. ტურისტულ პაკეტში, შესაძლებელია, ბილეთისა და ტრანსპორტის ღირებულებაც შედიოდეს, მაგრამ, როგორც წესი, ეს უკანასკნელი ცალკე ხარჯია. გირჩევთ ანტალიაში მარტო არ წახვიდეთ, რადგან თუ ოთახს სხვასაც გაუნაწილებთ, დასვენება გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.
ანტალიაში, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში, ერთი ადამიანისთვის 10 დღიანი დასვენება, მინიმუმ, 4-ჯერადი კვებით, ხუთას დოლარამდე ჯდება.
მაგალითად, "მოგზაურთა კლუბი" ამგვარ პაკეტს 538$-ად გთავაზობთ, ორ კაცზე კი- 378$-ად. სამ ვარსკვლავიან სასტუმროში პირველის ღირებულება 432$-ს, მეორესი კი 339$- შეადგენს.
"ვია ტრეველის" მეშვეობით სამვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამის მარტოდ გატარება 66$-ად შეგეძლებათ, ორადგილიან ოთახში კი 57$-ად დაისვენებთ.
შედარებით მაღალი ფასებია ტურისტულ სააგენტო "კალასი ტურში". ამას კომპანიაში მათი მომსახურეობის ხარისხის უპირატესობით ხსნიან. აქ ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროს ერთსაწოლიანი ნომერი, ათი დღით, 800$ დაგიჯდებათ, ორადგილიან ნომერში დასვენება კი 550$. სამვარსკვლავიან სასტუმროში კი ფასები დაახლოებით 200$-ით დაბალია. მომსახურეობის საფასურში 4-ჯერადი კვება, სასმელები და Fასტ Fოოდ საკვებიც შედის.
მოცემული ტურისტული პაკეტებით სარგებლობა ყველაზე იაფად "სანი"-ში შეგეძლებათ. ამ შემთხვევაში ანტალიაში ოთხვარსკვლავიან სასტუმროში 10 დღით დასვენებას თქვენ 330$-დაც შესძლებთ, სამვარსკვლავიან სასტუმროში კი- 255$-ად. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ოთახს სხვასაც გაუყოფთ.
უკანასკნელ მონაცემებსა და ბათუმის სასტუმროების ფასებს შორის სხვაობა თვალშისაცემია.
აჭარის დედაქალაქში ამჟამად მხოლოდ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, "ინტურისტ პალასი", სადაც ერთი ღამის გატარება მინიმუმ 155$ ღირს. შედარებით დიდი არჩევანია ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების მხრივ. მაგალითად, ბათუმის ძველ ნაწილში მდებარე ოთხვარსკვლავიან სასტუმრო "რჩეულ ვილაში" ფასები 120$-დან იწყება. აქ ივლისის თვეში ათდღიანი დასვენებისთვის ადამიანს 1200$-ის გადახდა მოუწევს. ასეთივე ფასებია სასტუმრო "მერკურსა" თუ "ლაით ჰაუსში". ოთხვარსკვლავიან მომსახურეობაში ყველაზე ნაკლების გადახდა სასტუმრო "რიწა"-შია შესაძლებელი, აქ ფასები 80$-დან იწყება. სამვარსკვლავიანი სასტუმროში ერთი ღამის მინიმალური ღირებულება კი 50$-ია.
ამასთან, დამსვენებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში, მაგალითად, სამვარსკვლავიანი სასტუმროს დონე არ შეესაბამება იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ამგვარი სტატუსის მფლობელ სასტუმროს უნდა ჰქონდეს.
ქართველებში ანტალიისა და საერთოდ, თურქეთის კურორტების პოპულარულობა მხოლოდ მოცემული ფაქტებიდან არ გამომდინარეობს. როდესაც ტურისტი მიემგზავრება ანტალიაში, მაგალითად, ათი დღით, მან იცის, რომ ის ამ პერიოდს მაქსიმალურად გამოიყენებს და არცერთ დღეს არ დაკარგავს. თურქეთი კურორტების უმთავრესი უპირატესობა ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია. აქ ივნისშიც და სექტემბერშიც მცხუნვარე მზეა და ადამიანს ამ პერიოდებშიც შეუძლია დასასვენებლად წასვლა. განსხვავებით ბათუმისაგან, სადაც აგვისტოშიც კი არ ხარ დაზღვეული წვიმიანი და მოღრუბლული დღეებისგან.
მიუხედავად ყველაფრისა, აჭარა ყოველ ზაფხულს ხალხითაა სავსე და ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ზღვისპირეთის განუმეორებელი ხიბლისა და სილამაზის დამსახურებაა. მაგრამ თუ მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება და ფასების რეგულირება არ მოხდა, სავარაუდოა, რომ თურქეთში ქართველ ტურისტთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

.
.
.



კატეგორია: ტურისტები საქართველოში | ნანახია: 1388 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar