მთავარი » 2010 » აგვისტო » 3 » ნინო ჩხეიძეს წონის მომატება დეპრესიაში აგდებს
10:16 AM
ნინო ჩხეიძეს წონის მომატება დეპრესიაში აგდებს

Ambebi.Geერთი შეხედვითვე ჩანს, რომ ჩვენი ერთგული რესპონდენტი ნინო ჩხეიძე პოზიტიური ადამიანია. მასთან მცირე ხნით ურთიერთობაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ნინო ადამიანებში ყოველთვის დადებითს ეძებს, მაგრამ ხომ გაგიგიათ, "ცხვარი ცხვარიაო..." ჰოდა, ნინოს გაბრაზებას ნამდვილად არავის ვურჩევთ... ალბათ მიხვდით, ნინოს მისი ხასიათის შტრიხების გამოსავლენად ვესაუბრეთ.

- შენი თვისებებიდან გამომდინარე, ვის ან რას შეადარებდი საკუთარ თავს?
- (ფიქრობს) თუ სეზონურად ვიმსჯელებთ, ალბათ გაზაფხულს შევადარებდი საკუთარ თავს, მიყვარს სიახლე, მრავალფეროვნება, მოძრაობა.

- ანუ აქტიური ადამიანების ტიპს მიეკუთვნები. რამდენად მიმნდობი ხარ?

- ვისთანაც საჭირო არ არის, იმასთანაც კი მიმნდობი და გახსნილი ვარ.

- ამის გამო არასდროს გინანია?

- თავიდან კი, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას, მთავარია, შენ იყო მართალი, როცა რამეს ვაკეთებ, კეთილი გულით ვაკეთებ და ვინ როგორ გაიგებს და როგორ დაატრიალებს, ეს უკვე მათი საქმეა და საერთოდ არ მაინტერესებს.

- საკუთარი თავის მიმართ რამდენად კრიტიკული ხარ? ვისგან იღებ შენიშვნებს?

- ძალიან კრიტიკული ვარ და ახლობლებისგან ობიექტური და საღი კრიტიკა არასდროს მწყინს. რაც შეეხება თვითკრიტიკულობას, ვერავინ გამაკრიტიკებს ისე, როგორც მე ვაკეთებ ამას და ეს კარგი არ არის, რადგან ყველა ფსიქოლოგი გვეუბნება, უნდა შეაქო შენი თავი და გაახალისოო, მაგრამ მე მაინც კრიტიკული ვარ საკუთარი თავის და არა სხვების მიმართ. ჭორიკანობით არ გამოვირჩევი, არ მაინტერესებს რა აცვია სხვას, როგორ იქცევა, როგორ ცხოვრობს. ამაზე ფიქრისთვის ნამდვილად არ მცალია, საკუთარი თავით უფრო ვარ დაკავებული (იღიმება).

- რთულ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნა შეგიძლია თუ დეპრესიაში ადვილად ვარდები?
- გამოსავლის მოძებნა შემიძლია, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, რომ ცუდიც კარგის საწინდარია, ცხოვრებაა ასეთი და სიტუაცია აუცილებლად დაბალანსდება. რაც შეეხება დეპრესიას, ვყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში, როცა ყველაფერი მეზარებოდა, სახლიდან გასვლა არ მინდოდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანი თვითონ იქმნის განწყობას და თუ შენ დღეს დეპრესიაში ჩავარდები და თავს არ უშველი, ხვალაც ასე იქნები და ზეგაც.

- თუ გახსოვს, ბოლოს რის გამო იყავი დეპრესიაში?
- კი, როგორ არა, წონაში მომატების გამო (იცინის), ვერ ვიტან, ორ კილოგრამსაც რომ ვიმატებ, ამ დროს ძალიან არ მომწონს ჩემი თავი და დეპრესიაში ვვარდები.

- და ამ მდგომარეობიდან რას
გამოჰყავხარ?
- რას და დიეტას.

- ვინ არის ადამიანი, ვისაც შენს გასაჭირს უზიარებ?
- ჩემი მეგობრები. არსებობს 3-4 ახლობელი ოჯახი, რომელთაც შემიძლია, ჩემი წყენა თუ პრობლემა გავუმხილო.

Ambebi.Ge- შენ თუ შეგიძლია ნებისმიერ დროს, თუნდაც მაშინ, როცა ხასიათზე არ ხარ, მოუსმინო და გაამხნევო მეგობარი?
- მე ამ შემთხვევაში ცუდი მეგობარი ვარ, რასაც უნდა მომიყვე, არ შემეცოდები, პირიქით, შემოგიტევ და გეტყვი, ხომ არ გაგიჟდი, ამის გამო ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყო-მეთქი. ის, რომ თავი დამადო და იტირო, ჩემთან არ გამოგივა. არ მიყვარს, როცა ადამიანს საკუთარი თავი ეცოდება და პანიკაში ვარდება.

- ადვილია ნინოს წყობიდან გამოყვანა?

- არა, ძალიან ძნელია და იშვიათადაც გამოვდივარ წყობიდან. ყველაფერს მოვითმენ მაქსიმალურად, იმდენს მოვითმენ, რამდენის მოთმენაც არ შეიძლება, მაგრამ თუ წყობიდან გამოვედი, მერე უკვე მორჩა...

- და რას აკეთებ გაბრაზებული?

- საშინლად ვჩხუბობ და ბევრს ვჭამ (იღიმება).

- და მაინც, რას გამოჰყავხარ წყობიდან, რა არის ის ბოლო წვეთი, რის გამოც აფეთქდები?

- ვერ ვიტან ტყუილსა და ორპირობას. ადამიანს, მით უმეტეს, თუ ის ჩემი მეგობარია, ვენდობი გულითა და სულით, მაგრამ თუ ორპირობა, ჩემ ზურგს უკან ჭორაობა შევამჩნიე და მივხვდი, ამას მიზანმიმართულად აკეთებს, ვეღარ ვაპატიებ. შურსა და ბოღმას ვერ ვიტან.

- მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ მე­­გობარი თუ და­გიკარგავს?

- კი, არ მიყვარს, როცა მეგობრობაში ძალიან ამაყები არიან, თუ ადამიანს რაღაცას ვაწყენინებ, არ მრცხვენია მასთან ბოდიშის მოხდისაც კი, მაგრამ თუ შევამჩნიე, რომ ის ამპარტავანია ჩემ მიმართ და არც არაფერს მეუბნება, ვერ ვაპატიებ.

- ნინო, მტირალა ხარ?

- ამ ბოლო დროს ვტირი, შეიძლება სიმღერაზეც კი ვიტირო, ძალიან გულჩვილი გა­ვ­ხდი. რამდენიმე დღის წინ მელოდრამას ვუ­ყურე ჩემს ქმართან ერთად და გავსკდი ტირილით, არადა, მრ­ცხვენოდა გიორგისი, მინდოდა, თავი შემეკავებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე.

- და ასეთ დროს რას გეუბნება გიორგი?

- არაფერს, მიხვდა, რომ მრცხვენოდა და არ შეიმჩნია.

- ბოლოს, გვითხარი დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

- არაფერს. ღმერთმა დამიფაროს, ისე ვიცხოვრო, რომ დროის უკან დაბრუნებაზე ვიფიქრო. არ მგონია, რაიმე განსაკუთრებული შეცდომა მქონდეს ჩადენილი.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)









კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 2187 | დაამატა: allfile | ტეგები: დეპრესია, nino chkheidze, ციცი ომანიძე, mtirala, nino chxeidze, წონის მომატება, ნინო ჩხეიძე, vtiri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar